|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ქართველები" - ანტისაოკუპაციო აქციას ქუთაისი შეუერთდა

"მშვიდობა ომზე მეტია"- აქციას ქუთაისი შეუერთდა, მესხიშვილის თეატრის წინ მდუმარე აქცია სანთლებითა და დროშებით  არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის სოლიდარობასა და ოკუპაციის გაპროტესტებას მიეძღვნა. 

"მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა და თანამშრომლებმა სანთლებით  და დროშებით მდუმარე აქცია გავმართეთ, რითაც შევუერთდით აქციას "მშვიდობა ომზე მეტია" და სოლიდარობა გამოვუცხადეთ დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ოკუპაციას საქართველოში,"-განაცხადა თეატრის მთავარმა ადმინისტრატორმა ზეკო ხაჩიძემ.

 "ვუთანაგრძნობთ დაღუპული მამულიშვილის ოჯახს, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ქართველები... მადლობა პატრიარქს, რომ ჩაერთო დაღუპული მამულიშვილის გადმოსვენების საკითხის მოგვარებაში, ღმერთმა აცილოს საქართველოს ასეთი დღეები",-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში იმერეთის თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ ლევან როხვაძემ.

მდუმარე აქციას ასევე შეუერთდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრები და ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია.

 შეგახსენებთ, აქცია "მშვიდობა ომზე მეტია" საქართველოს 12 ქალაქში ერთდროულად გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა საზოგადოების წარმომადგენლებს  თავიანთი პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდეს. თბილისში აქცია "თავისუფლების მოედანზე", რეგიონებში კი ადგილობრივი თეატრების წინ გაიმართა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე