"მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები" - სალომე ზურაბიშვილი
მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში საარჩევნო კამპანიის გახსნისას. ამ ფრაზით მან ქართველ ემიგრანტებს მიმართა და ქვეყანაში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.
დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატმა ქუთაისში მესხიშვილის თეატრის დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელსაც მოკლე თეზისების სახით შემოგთავაზებთ.
"მოვდივარ იმისათვის, რომ რუსეთის ჯარები კიდევ ერთხელ გავიყვანოთ, მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა"- ჯერ კიდევ შოთა ამბობდა და და ეს სიცრუე და შავი პიარი ტრიალებს და ვნებს ქვეყანას.
პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ ჭიდილში! თანამშრომლობა ხელისუფლებასთან!
გამარჯვების შანსი მქონდა ნაკლები, თუ კი ვიქნებოდი სრულიად დამოუკიდებელი, ახლა როდესაც "ქართული ოცნება" მიჭერს მხარს, მაქვს გამარჯვების შანსი.
ქვეყანა ელოდება მესამე ძალას, რაც არის ოპოზიცია, ეს არის დესტრუქციული ძალები.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სასახლეში შევალ, მთავარია, პრეზიდენტი გამოვიდეს სასახლიდან და შეხვდეს ხალხს" - ეს არის საკითხები, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა თავისი გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა.
ქუთაისთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის უნდა იყოს კულტურის დედაქალაქი.
"მე ვიქნები კულტურის პრეზიდენტი"-აღნიშნა მან, მისი თქმით, ქუთაისს ასევე პერსპექტივა აქვს, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქს და უნდა შეეგუონ იმას, რომ არ იქნება ინდუსტიული ქალაქი და ვერც პარლამენტმა მოუტანა სიკეთე.
"ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ქუთაისი მომავალში აღარ იქნება ინდუსტრიის მშენებელი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ გააჩნია თავის პოტენციალი და არ შეუძლია დაიკავოს თავის ადგილი საქართველოს ეკონომიკაში, რაც არ მოუტანა თუნდაც პარლამენტმა და ვერ მოუტანა", - განაცხადა მან.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში გეგმავს ონკოლოგიური ცენტრის შექმნის ხელშეწყობას. "ამის გამო ტვინს შევუჭამ მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს" - განაცხადა მან.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახი კალაძე და სალომე ზურაბიშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ადგილობრივებიდან პრეზიდენტობის კანდიდატს კი ქუთაისის საკრებულოს წევრი მაია სიმონიძე და მერიის ააიპის ხელმძღვანელი გია ქელბაქიანი მიესალმნენ.
შეხვედრას იმერეთის მხარის გუნერნატორი, ქუთაისის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე მერიის ააიპების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
დარბაზიდან კითხვების დასმის შესაძლებლობა არ ყოფილა, პრეზიდენტობის კანდიდატმა არც ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა ისურვა.
საარჩევნო კამპანია ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე





14:35
13:33
22:22
















