დავით ჯანიაშვილი: „მე მხოლოდ ბაღდათისა და ბაღდათელების წინაშე ვიღებ ვალდებულებას“
დავით ჯანიაშვილი ახალი სახეა ქართულ პოლიტიკაში. იგი ბაღდათის #52 საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს, სიითი #52. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა, რა გამოწვევების წინაშე დგას ბაღდათის რაიონი და რას პირდება საკუთარ ამომრჩეველს, ამ და სხვა საიტერესო საკითხებზე დავით ჯანიაშვილს “ნიუპრესი “ესაუბრა.
- ბატონო დავით, მოგვიყევით თქვენს შესახებ..
- დავიბადე ქალაქ ბაღდათში 1983 წელს. 2001 წელს დავამთავრე ბაღდათის # 2 საჯარო სკოლა წარჩინებით. იმავე წელს ჩავირიცხე ქუთაისის ტექნიკური უნივერიტეტში ქიმიური და მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტზე. 2007-2008 წლებში ვმუშაობდი „სს ტაოპრივატ ბანკში“, საცალო დაკრედიტების მენეჯერად; 2008-2010 წლებში ქ. ბაღდათის საგანმანათალებლო რესურს ცენტრში ტექნიიკური მხარდაჭერის განყოფილების უფროსად;, 2010 წლიდან დღემდე შპს „მაგთიკომის“ ბაღდათის ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
- „ოჯახი მთავარი ფასეულობაა“,- აცხადებთ ხშირად, გაგვაცანით თქვენი ოჯახი..
- ჩემი ოჯახი შედგება 5 წევრისაგან. დავოჯახდი2012 წელს. ჩემი მეუღლეა ელისო შოთაძე, პროფესიით პედაგოგი და გვყავს მცირეწლოვანი შვილები - მერაბი და კატო. მერაბი სწავლობს ბაღდათის #2 საჯარო სკოლაში, ხოლო კატო ბაღდათის #1 საბავშვო ბაღში. მყავს დედა - ირინე ჯანიაშვილი, ამჟამად პენსიონერი. მუშაობდა ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 40 წელზე მეტ ხანს. მამა გარდაცვლილი მყავს, რომელიც ეწეოდა ოჯახურ კერძო ბიზნესს.
ჩემთვის ოჯახის ცნება უწმინდესი და უპირველესია. ოჯახი ჩემთვის ყველაზე ძლიერი მხარეა, რამეთუ მე გაზრდილი ვარ ტრადიციულ მართმადიდებლურ ქართულ ოჯახში. მიმაჩნია, რომ ოჯახის სიწმინდე გარანტიაა შვილების სწორ აღზრდასა და ღირსეულ ადამიანებად ჩამოყალიბებაში, ძლიერი ოჯახი კი გარანტიაა ქვეყნის სიძლიერის!.
ვთვლი, რომ ყველა ოჯახი უნდა იყოს მატერიალურად უზრუნველყოფილი, რომ შვილებს გარანტირებული ჰქონდეთ ხარისხიანი განათლება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო.
(ფოტოზე:დავით ჯანიაშვილი ოჯახთან ერთად)
- რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
- ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რამაც გადამაწყვეტინა პოლიტიკაში წასვლა გახლავთ ის, რომ ჩემს ძვირფას ბაღდადში ათეული წლების განმავლობაში თითქმის არაფერი იცვლება უკეთესობისაკენ.
ქალაქი დგას გადაუწყვეტელი პრობლემების წინაშე ათეული წლებია, არა და ამ პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია სწორი პრიორიტეტების არჩევით და სწორი დაგეგმარებით.
ბაღდათს სჭირდება მზრუნველი, მეურვე და ბაღდათზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. ყოველგვარი ყალბი თავდაბლობის გარეშე, მე მაქვს ამის უნარი, რასაც მოწმობს ჩემი განვლილი ცხოვრება და ე.წ. „ბეგრაუნდი“.
მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს კარგი, სტაბილური სამსახური და მაღალი ხელფასი, მზად ვარ უარი ვთქვა და ავიღო პასუხისმგებლობა მთელი ბაღდათის განვითარებაზე.
სწორედ ჩემმა სამსახურმა და 11-წლიანმა ხალხთან უშუალო ურთიერთობამ მასწავლა და გამაცნო ბაღდათის მოსახლეობის უმეტესობა. ამის შედეგად ზედმიწევნით ვიცი ყველა ბაღდათელის გაჭირვება.
- თქვენ ხართ დამოუკიდებელი კანდიდატი. რამდენად მნიშვნელოვანია საკრებულოში ისმოდეს დამოუკიდებელი, ხალხის მხარდაჭერით არჩეული მაჟორიტარის ხმა?
- მე პოლიტიკაში მოვდივარ ჩემი პატიოსანი სახელით და წარსულით. არ მაქვს სურვილი ეს შევწირო რომელიმე პარტიის ინტერესს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია საკრებულოში ისმოდეს დამოუკიდებელი მაჟორიტარის ხმა, რამეთუ მე არ მექნება არანაირი პარტიული ვალდებულება.
დღემდე ჩვენში დამკვიდრებულია არასწორი და უღირსი პრაქტიკა - მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობა ატარებენ არა ამომრჩევლის ინტერესს, არამედ პარტიულ ინტერესს, რაც ძალიან ვნებს ქალაქს; წინა საარჩევნო პერიოდის დადგომამდე მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა პარტიებიდან, რომ ვყოფილიყავი მათი წარმომადგენელი ბაღდათის მაჟორიტარ დეპუტატად, რაც ერთგვარად იქნებოდა გამარჯვების გარანტი. მიუხედავად ამისა, ყველა შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, რამეთუ ჩემთვის პრინციპები და ღირებულებები, გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია.
(ფოტოზე: დავით ჯანიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრაზე)
- რას თვლით მთავარ გამოწვევად ბაღდათში და რის შეცვლას ისურვებდით?
- სირცხვილია, რომ ბაღდათის მოსახლეობას, მიუხედავად უდიდესი რესურსისა, ჰქონდეს როგორც სასმელი, ისე სარწყავი წყლის პრობლემა 21-ე საუკუნეში!.. ეს პრობლემა მოგვარებადია საკითხის ძირეული შესწავლით და შემდეგ სწორი დაგეგმარებით.
ასევე შევეხები ინფრასტრუქტურის პრობლემას და ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: საცხოვრებელ კორპუსებს ესაჭიროება სახურავის შეცვლა და შიდა ეზოების მოწყობა. ამის მიუხედავად, კეთდება გარე ფასადის კოსმეტიკური რემონტი. ფაქტია, კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები ქმნის ილუზიას, რომ შესაბამის სამსახურები ზრუნავენ ქალაქის იერ-სახეზე. რეალურად კი, იგნორირებულია მოსახლეობის მთავარი შიდა ეზოები და გადახურვის პრობლემა.
ლოგიკური კითხვაა - რატომ მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები სწორედ ეხლა, წინასაარჩევნმო პერიოდში და არა საჭიროების დროს? (შესრულების ხარისხზე აღარც ვსაუბრობ).
ასევე, პრიორიტეტული უნდა იყოს ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინება, პენსიონერების და მოწყვლადი ჯგუფის პრობლემების შესწავლა.
- ბევრი ახალგაზრდა თავს იკავებს პოლიტიკაში მოსვლისგან, რადგან თვლიან, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, რას ეტყოდით მათ?
- მე კატეგორიულად ვთვლი, რომ პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, ქვეყანას ჰყავდა და ჰყავს ღირსეული პოლიტიკოსები, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს. ჩემის აზრით, ქართული პოლიტიკა საჭიროებს ე.წ. „გადატვირთვას“, რასაც უნდა მოჰყვეს ახალი, განათლებული, ღირსეული, ქვეყანაზე და ქალაქზე შეყვარებული ახალგაზრდებით ჩანაცვლება. ეს ტენდენცია ბოლო პერიოდში აშკარად შესამჩნევია.
ვთვლი, რომ ჩემი ამ გადაწყვეტილებით ერთგვარ სტიმულს ვაძლევ პესიმისტურად განწყობილ საზოგადოების ნაწილს, რომელიც თვლის რომ მაინც არაფერი შეიცვლება, მაინც ვერაფერს მივაღწევთ, და ა.შ.
მე ყველას ვუპასუხებდი: ამჟამად დადგა დრო, რომ ყველამ აიღოს ქვეყნის, ქალაქის, ოჯახის და შვილების წინაშე გარკვეული წილი პასუხისმგებლობა უკვეთესი მომავლის შექმნის მიზნით. არ დაგვავიწყდეს, - ყველა ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს და მომავალს!
- რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ბაღდათელებმა?
- როგორც ზემოთ ავღნიშნე, მაქვს საკმაოდ მრავალწლიანი გამოცდილება ხალხთან ურთიერთობის; მათი პრობლემების მოგვარების უნარი. ჩემთვის ცნობილია ბაღდათის და ბაღდათელების ძირითადი პრობლემები და ზუსტად ვიცი მათი გადაჭრის გზები და მეთოდები. ჩემი კონკურენტებისგან განსხვავებით, არ მაქვს არანაირი პარტიული ვალდებულება. მე მხოლოდ ბაღდათის და ბაღდათელების წინაშე ვიღებ ვალდებულებას.
- როგორ მიმდინარეობს წინა საარჩევნო პროცესი და რა სიძნელეების გადალახვა გიხდებათ?
- საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ჩვეულ რიტმში. პირველ რიგში, ვინარჩუნებ სიმშვიდეს. პერიოდულად შეიმჩნევა ჩემს ამომრჩევლზე არაპირდაპირი ფსიქოლოგიური ზეწოლა. განსაკუთრებით იმათზე, რომლებიც დასაქმებულები არიან საჯარო სამსახურებში. პირად საუბრებში, ბევრი მიდასტურებს მხარდაჭრას, მაგრამ მათი ნაწილი თავს არიდებს საჯარო შეხვედრებს იმის შიშით, რომ მათი განწყობა არ აისახოს შემდგომ მათ სამსახურეობრივ კარიერაზე.
[R]
ავტორი: ნიუპრესი