|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეჩითოვი ხელისუფლებაში არსებულ ქვეყნის საწინააღმდეგო დისკურსს აძლიერებს"

მეჩითოვი აძლიერებს ხელისუფლებაში არსებულ დისკურსს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში რუსეთის დანაშაულის ეჭვქვეშ დაყენების შესახებ, რაც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და საფრთხისშემცველი დისკურსია,  -აცხადებს ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. 

 როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, მართალია, იური მეჩითოვის არ წარმოადგენს ოფიციალურ საჯარო პირს, თუმცა რამდენადაც ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი და ხელისუფლების რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერია, მის განცხადებას 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან ბუნებრივი და ჯანსაღი რეაქცია მოყვა.

"სიტუაციას ამძიმებს გარემოება, რომ მეჩითოვი თავისი კოლაბორაციონისტული, მოღალატეობრივი დამოკიდებულებებით აძლიერებს ხელისუფლებაში არსებულ დისკურსს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში რუსეთის დანაშაულების ეჭვქვეშ დაყენების შესახებ, რაც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და საფრთხისშემცველი დისკურსია. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მეჩითოვი პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის აქტიური მხარდამჭერია, რაც ზურაბიშვილის მიმართ არსებულ კითხვებს დამატებით ლეგიტიმაციას სძენს. საპასუხისმგებლო თანამდებობებზე რუსეთის ინტერესების გამტარებელი პერსონების შერჩევა ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის ხაზად რჩება, რასაც პერიოდულად მეჩითოვის მსგავსად მოაზროვნე ჩინოვნიკები თვითლუსტრირებით ადასტურებენ", -განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

ცნობილი ფოტოგრაფის და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის იური მეჩითოვის გამონათქვამები საყოველთაო აღშფოთების მიზეზი გახდა. მეჩითოვი 9 აპრილის გმირების შესახებ აცხადებს, რომ ისინი ნიჩბებით არ მოუკლავთ  და ჭყლეტის დროს, ასფიქსიით დაიღუპნენ,  ეროვნულ ლიდერებს კი ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოსურნე კრიმინალებებად  მოიხსენიებს, რაც შეეხება საბჭოთა ჯარს, აცხადებს, რომ მის შესახებ მტრის ხატი არასწორად შეიქმნა.

ავტორი: ირინა მაკარიძე