"მესამე ვიცე-მერის დანიშვნა წინასაარჩევნო მანევრია"
ქუთაისის მერს სამი მოადგილე ყავს. 30 მაისს საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება მერიამ რამდენიმე დღეში შეასრულა და მესამე ვიცე-მერის პოსტზე გრიგოლ დალაქიშვილი დანიშნა, თუმცა საზოგადოებისათვის მისი წარდგენა არ მომხდარა.
დალაქიშვილი კურატორობას საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს გაუწევს.
დალაქიშვილის დანიშვნას უკვე მოყვა არაერთგვაროვანი შეფასებები პოლიტიკურ წრეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეფასება თითქმის იდენტურია. მათი განცხადებით, მესამე ვიცე-მერის დანიშვნა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და არჩევნებში "ქართული ოცნების" ერთპიროვნულ გამარჯვებას ემსახურება.
"გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშცილი ფაქტს ბიუროკრატიის გაძლიერებად და არჩევნებისთვის ხმების მოპოვების მცდელობად აფასებს.
"რეალურად, ისეთი ეკონომიკის ქვეყნებში, როგორშიც ჩვენ ვართ, გამოსავალი არის ბიუროკრატიის შემცირება, ჩვენთან კი პირიქით ხდება. ამას ადასტურებს თუნდაც, ეს კონკრეტული მაგალითი, მესამე ვიცე-მერის დამატება. კანონით, მათ ქონდათ უფლება დაენიშნათ, თუმცა შეიძლებოდა ეს ფუნქციები სხვა ადამიანებს შეესრულებინათ და ხარჯები დაეზოგათ. სამწუხაროდ, რაც დრო გადის, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ხელისუფლებაში დარჩენაა, ამიტომ იზრდება ბიუროკრატია, რაც არის კარგი საშუალება არჩევნებში გამარჯვების. ამას ვხედავთ მთელ ქვეყანაში, სადაც 2012 წლიდან 500 მილიონამდე არის გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები. ჯობია, ეს თანხები ეკონომიკაში ჩაიდოს", -განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
წინასაარჩევნოდ დაწყებულ კამპანიად შეაფასა მესამე ვიცე-მერის დანიშვნა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ.
"ეს არის წინასაარჩევნო მანევრი. როგორც მითხრეს, არის "სუსის" ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კარგ ურთიერთობაში იყო "ნაციონალურ მოძრაობასთან". აქვს გამოცდილება გაყალბების, ზეწოლის. წინასაარჩევნოდ მისი დანიშვნაც მეტი არაფერია. ის ტვირთად დააწვება ქალაქს და სიკეთეს არ მოუტანს, არანაირად",- განაცხადა გოგი წულაიამ.
მესამე ვიცე-მერის დანიშვნის საჭიროებას ვერ ხედავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია, რომლის თქმითაც, წინასაარჩევნოდ შტატები გაიზრდება.
"ნამდვილად არ იყო საჭირო მესამე ვიცე-მერის დამატება. ეს არაფერს მისცემს ქუთაისს, გარდა ხელფასებისა, პრემია-დანამატის ხარჯის გაზრდისა. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ არჩევნებზე მერია გაზრდის შტატებს აქტივისტების დასასაქმებლად, როგორც ხდება. ნაცვლად იმისა, რომ ქუთაისზე იზრუნონ, შიდა დაპირისპირებით არიან დაკავებული, ჯგუფებს შორის გადანაწილება მიმდინარეობს", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
არჩევნებში "სუსის" როლის გაზრდაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი გია გოქაძე და აცხადებს, რომ ქალაქი "ტაბიძის ქუჩიდან" იმართება.
"კანდიდატზე არ შევჩერდები, რადგან ადამიანების პერსონიფიცირებას არ მოვახდენ, რა თქმა უნდა, მერს ქონდა უფლება დაენიშნა მოადგილე, მაგრამ ის, რომ არჩევნებამდე სამი-ოთხი თვით ადრე, მას ჩაბარდა საბინაო სამსახური და აიპები, ნიშნავს, რომ უნდა უზრუნველყოს წინასაარჩევნოდ ამ ორი სამსახურის მობილიზება, მას სხვა ფუნქციები არ აქვს. თუ ჩავლით, რომ ადრე თანამშრომლობდა უშიშროებასთან, ცხადია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება იმართება ტაბიძის ქუჩიდან, ამჯერზე თავიანთი თანამშრომელი დააჯინეს მერიაში, ამიტომ არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ მოხდება წინასაარჩევნოდ ადამიანური რესურსის გამოყენება. მათ არაფერი შეუძლიათ დანიშვნის და მოხსნის გარდა და ამით სურთ პირველივე ტურში გამარჯვება"-განაცხადა გია გოქაძემ.
მესამე ვიცე-მერის დანიშვნა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონის" ფარგლებში მოხდა. კანონი 13 საჯარო პირის ყოლის უფლებას იძლევა, თუმცა ამავე კანონით, ეს სავალდებულო არ არის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი