მეუფე კალისტრატესა და ჟურნალისტს შორის დავა ქუთაისის სასამართლოში გრძელდება
ქუთააისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი დალი ბარაბაძისა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს დავა გრძელდება. ამჯერად სასამართლო დალი ბარაბაძის სარჩელს სამსახურში აღდგენის მოთხოვნით განიხილავს. დალი ბარაბაძე გელათის სასულიერო აკადემიის რადიოს „კვალი ნათელი“ რედაქტორის პოზიციაზე აღდგენას ითხოვს. მან რადიოში 2004 წელს დაიწყო მუშაობა და ორ წელიწადში გაათავისუფლეს.
ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე განიხილავს. მოპასუხე მხარეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს. სასამართლო პროცესს მეუფე კალისტრატე და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.
სასამართლომ ბარაბაძის გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო, თუმცა მისი სამსახურში აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის მოტივით.
რაც შეეხება ქალაქის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მეუფეს მიერ თანხის მითვისების შესახებ ბრალდება არ დადასტურდა, დალი ბარაბაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი