რა გახდა ქუთაისის ცენტრში სროლის მიზეზი?
ქუთაისის ცენტრში მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირება, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოყვა, საინფორმაციო გამოშვებების ყურადღების ცენტრში მოექცა. მომხდარი დაპირისპირების მიზეზებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ პუშკინის ქუჩის მცხოვრებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ინფორმაცია ცალმხრივად გაშუქდა.
პუშკინის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით სამჯერ გასროლის ფაქტს, სამართალდამცველები იძიებენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბუნა ხოტოველმა, რომლის მისამართითაც მოხდა გასროლა, საქმეში პატრულთან ერთად მედიაც ჩართო.
პუშკინის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილმა დღეს იმ დეტალებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული დაპირისპირება მოყვა.
ადგილობრივი მცხოვრების ზაზა მასხარაშვილის განცხადებით, ხოტოველებსა და ყოჩაშვილებს შორის დაპირისპირება გუშინ არ დაწყებულა და ის 1999 წელს მომხდარ ძარცვის ფაქტს უკავშირდება.
"1999 წელს მოხდა ხოტოველების ბინის გაძარცვა, მას შემდეგ გამოძიება დაიწყო და სამართალდამცველებმა ყველა ეჭვმიტანილი დააკავა. ხოტოველები აცხადებდნენ, რომ საქმეში მათი მეზობელი, გიგა ყოჩაშვილი მონაწილოებდა, რის გამოც გამოძიების ხელახალ დაწყებას ითხოვდნენ. ამ ეჭვის გამო მას შემდეგ მათ შორის არის დაპირისპირება, ე.წ. დაზარალებულები მიზანმიმართულად, პროვოკაციულად მოქმედებენ ყოჩაშვილების წინააღმდეგ. უშვერი სიტყვებით ილანძღებიან, იწყევლებიან, ასევე სოციალური ქსელით ავრცელებენ შეურაცხმყოფელ ტექსტებს, რასაც წლებია ითმებენ მეზობლები, მაგრამ გუშინ გიგა ყოჩაშვილი შვილთან ერთად იდგა ქუჩაში, ბუნა ხოტოველმა უზარმაზარი არმატურა ესროლა, მილიმეტრებში აცდა ბავშვს და ჩაამტვრია მეზობლის მანქანის საქარე მინა. ამ ფაქტს მოყვა გიგა ყოჩაშვილი მდგომარეობიდან გამოსვლა, რის შემდეგაც მან იარაღიდან გასროლა მოახდინა, თუმცა არა ვინმეს მოკვლის მიზნით.
ჩვენ მივმართავ პოლიციას, მოხდეს ამ საქმის ობიექტურად გამოძიება. ყველა დაიკითხოს და დადგინდეს, რამ მიიყვანა ყოჩაშვილი ამ მდგომარეობამდე", -განაცხადა ზაზა მასხარაშვილმა.
გიგა ყოჩაშვილის უდანაშაულობაზე საუბრობს მისი მეგობარი ლევან ჩიკაშუა, რომლის განცხადებითაც, ყოჩაშვილი არ არის მოძალადე და ე.წ. ძველი ბიჭი, ის ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც მეზობლის ზეწოლის მსხვერპლი გახდა. მისი განცხადებით, ხოტოველმა მიზანმიმართულად მოახდინა პროვოცირება და მიიღო ის, რაც სურდა.
"მესმის, რომ არ არის გამართლებული ცეცხლის გახსნა, მაგრამ ადამიანური მომენტიც ხომ არის, როგორ შეიძლება მოითმინო ყოველდღიურად ცოლის, დედის შეურაცხყოფა, ამას ემატება რკინის სროლა, რასაც შემთხვევით გადაურჩა ბავშვი, ადამიანი მიიყავნეს კრიმინალურ ფაქტამდე და ჩაადენინეს დანაშაული", -აცხადებს ლევან ჩიკაშუა.
მომხდარში ფიგურირებს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი. მეზობლები და მეგობრები ვერ ამბობენ, საიდან ქონდა გიგა ყოჩაშვილს იარაღი. თუმცა საკუთარი ვერსია აქვს დაზარალებულს. ბუტა ხოტოველი აცხადებს, რომ იარაღი ყოჩაშვილს კანონდარღვევით აქვს. ის ასევე ირწმუნება, რომ ამ იარაღით, შესაძლოა, რამდენიმე დანაშაული მოხდა.
"ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა. ჯერ ქუჩაში შემხვდა და მომმართა ლანძღვით, შემდეგ ღობეზე ურტყამდა წიხლებს, არ გამოვყევი და შევედი სახლში, ამის შემდეგ ამ ხმაურის გადასაფარად და სიტუაციის გასანეიტრალებლად მე არმატურა ვისროლე ქვემოთ და არა მისი მისამართით, დაზაიანდა მეზობლის მანქანა, რომელიც მე უკვე შევაკეთე. ამის შემდეგ გავარდა სახლში და გამოიტანა იარაღი. ისროლა ჩვენი მისამართით, მისი კვალი კარგად ემჩნევა ჩვენს რკინის ღობეზე. მას იარაღი არ აქვს გაფორმებული და არის უკანონო, არ გამოვრიცხავ ეს იარაღი მონაწილეობდეს სხვადასხვა კრიმინალურ შემთხვევებში, ამას გამოძიება დაადგენს. მე ამის შემდეგ დავრეკე პოლიციაში, გამოძიება დაწყებულია იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით და კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან ჯერ მე დაკითხული არ ვარ",-აცხადებს ბუნა ხოტოველი.
ბუნა ხოტოველი, რომელიც წარმოშობით ებრაელია, რელიგიურ შეუწყნარებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მისი სარწმუნოება მეზობლების შეურაცხყოფის მიზეზი ხდება. ხოტოველი დედასთან ერთად ცხოვრობს.
არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს ბაღდათის დედათა მონასტრის წინამძღოლი მამა თეოდორე ხურციძე, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე ცხოვრობს. მისი განცხადებით, უშუალოდ არ შესწრებია ჩხუბს, თუმცა კარგად იცის, იმ პროვოკაციების შესახებ, რასაც ხოტოველების მხრიდან მეზობლების მიმართ ადგილი აქვს.
"რამდენიმე წელია ვცხოვრობ აქ და კარგად ვხედავ, რაც ხდება. როგორ შეიძლება ებრაელობა გახდეს ვინმეზე თავდასხმის მიზეზი? ებრაელები არიან და ამის გამო აშინებენ მეზობლებს, რომ საელჩოში უჩივლებენ, პოლიციაში მივლენ, თითქოს მეზობლები მათ ებრაელობის გამო ცუდად ექცევიან, არადა, პირიქით ხდება. თვითონ ესხმიან მეზობლებს თავს და სარგებლობენ ამით. ყოველდღე წყევლა-კრულვა ისმის მათი მხრიდან სხვადასხვა მეზობლის მისამართით",-აცხადებს მამა თეოდორე ხურციძე, რომლის თქმითაც, "თეატრალური საზოგადოების" შენობა ხოტოველების გამო დაიწვა, რადგან მათ მიერ უკანონო მიშენების გამო სახანძროს მანქანამ ტერიტორიაზე მისვლა ვერ შეძლო. მისივე განცხადებით, მერია საკითხს სწავლობს, თუმცა გამოძიება გაიწელა, რამაც ხოტოველების წახალისება გამოიწვია.
მეზობლების გუშინდელ დაპირისპირებაში სასულიერო პირის ჩართვის გამო ხოტოველებმა საპატრიარქოს მიმართეს. მათი განცხადებით, მამა თეოდორე ხურციძე წლების წინ პოლიციიდან არის გამოგდებული, ახლა დამნაშავეებს მფარველობს, რის გამოც უკვე აცნობეს საპატრიარქოს და ინფორმაციას მიაწვდიან ეპარქიას. ხოტოველების თქმით, მამაო მეზობლებთან ერთად მათ "ურიებს" და ქვეყნის მოღალატეებს ეძახის და ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდებს.
ბუნა ხოტოველი იმ მეზობლებს, რომლებმაც დღეს მის წინააღმდეგ განცხადება გააკეთეს, კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მასაც ყავს მხარადმჭერები სამეზობლოში, რომლებიც კრიმინალს არ აფარებენ ხელს და რეალურ ფაქტებზე საუბრობენ.
საქმეზე გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით მიმდინარეობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი იმალება, რასაც არ ადასტურებენ მისი მეზობლები და მეგობრები. მათი განცხადებით, გიგა ყოჩაშვილთან პოლიცია ამ დრომდე არ მისულა და იმის თქმა, რომ ის ძებნაშია, არის ტყუილი.
გიგა ყოჩაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციაში "ახალი გზა" მუშაობს. თანამშრომლების განცხადებით, ყოჩაშვილი დადებითი პიროვნებაა და ის კონფლიქტში პროვოკაციის შედეგად ჩაერთო.
მეზობლები ბუნა ხოტოველის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას ქალაქის პროკურატურაში აპირებენენ.
ამ თემაზე:
ქუთაისში მეზობლებს შორის დაპირისპირებას სროლა მოყვა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი