"პრივატიზებით შემოსული თანხა მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს"
ქონების გაყიდვით ქალაქში შემოსავლების მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი. როგორც საკრებულოს დეპუტატი განმარტავს, ქონების პრივატიზება, როგორც ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ფაქტორი, მნიშვნელოვანია, თუმცა მას შენიშვნები მიწის ფასთან დაკავშირებით აქვს. მეშველიანის განცხადებით, თავის დროზე, ქუთაისში მიწაზე ფასის ზრდას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან თვლიან, რომ მოქალაქეებს და ინვესტორებს ქონების შეძენა გაურთულდებათ.
"ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ პრივატიზება მოხდება და ამით ბიუჯეტი გაიზრდება, რომელიც შემდგომ ადამიანების პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს, თუმცა თავის დროზე ვეწინააღმდეგებოდით მიწაზე ფასის მატებას, ეს ხელს შეუშლის მოქალაქეებს და ბიზნესმენებს ქონების შეძენაში და ინვესტიციის განხორციელებაში"-აცხადებს მერაბ მეშველიანი, რომელიც მერიას ქონების პირდაპირი წესით გაყიდვის გამო საყვედურობს. მისი თქმით, ნებისმიერი ობიექტი აუქციონის წესით უნდა გაიყიდოს.
"არ უნდა მოხდეს ობიექტების პირდაპირი წესით გადაცემა. ყველა ქონებაზე უნდა მოხდეს აუქციონის გამოცხადება. ჩვენ წინა თვეებში ვსაუბრობდით ამაზე და წარმოვადგინეთ კიდეც მონაცემები, რომ აუქციონზე გაყიდულ ობიექტებს ბევრად აჭარბებს პირდაპირი წესით გაყიდული ქონება. ამის მაგალითია, ბაზრის მიმდებარედ ჯერ 250 და შემდგომ 25 კვ. მეტრი ფართობის გადაცემა", -აცხადებს მერაბ მეშველიანი.
ის ასევე შესყიდული ობიექტების "დაკონსერვების" პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, მფლობელი, ელოდება ქონების მაღალ ფასად გადაყიდვას, ამ დროს კი ობიექტები მოუვლელია და საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს.
ქონების პრივატიზება არაერთხელ გახდა საკრებულოზე დაპირისპირების მიზეზი.
შეგახსნებთ, მერიამ 6 თვეში 414 278 ლარის ქონება გაასხვისა.
ქუთაისის საკრებულოში საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა დაპირისპირების მიზეზი გახდა
ქუთაისის მერიამ 1 414 278 ლარის ქონება გაასხვისა
ავტორი: ნიუპრესი