მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით 1 მარტიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება
მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით, 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი. „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“- ახალი რეგულაციები დღეს იმერეთში მმოქმედ ბიზნესოპერატორებს გააცნეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის გიორგი მიქაძის განცხადებით, ახალი რეგულაციით, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. მისი თქმით, რეგულაციის ეფექტიანად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირებულობის გაზრდა. შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ.
ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით.
ახალი რეგულაციის მიხედვით:
• გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი
• განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო)
• განისაზღვრა მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებასთან (საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მითითება) დაკავშირებით
• ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, განისაზღვრა აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც სხვა ჩამონათვალისგან აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს (შრიფტით/ფონით/სტილით/ფერით)
• სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ (გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა)
• განისაზღვრა სურსათის ნეტოს (სუფთა წონის) ეტიკეტზე მითითების ვალდებულება
• განისაზღვრა მოთხოვნები დაუფასოებელ სურსათის ეტიკეტზე დასატან ინფორმაციასთან დაკავშირებით
• ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია არ უნდა იყოს გადაფარული (წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით)
• სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი
ნებისმიერ სურსათს, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის მისაწოდებლად, თან უნდა ახლდეს ინფორმაცია აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
ავტორი: ნიუპრესი