|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძაღლები ალიკაპის გარეშე და შეშინებული პატარები ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში

მოქალაქეები ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, პარკში ბავშვების გასეირნება საფრთხისშემცველი ხდება, რის გამოც პრობლემით დაინტერესებას და მეტ კონტროლს მოითხოვენ.

"ქუთაისის მოსწავლე-ახლგაზრდობის პარკში ბავშვი წავიყვანე სასეირნოდ, მაგრამ გასეირნების ნაცვლად უკან ნერვებმოშლილები დავბრუნდით. პარკში ახალგაზრდებს თავიანთი ძაღლები ყავთ მოყვანილი, რომლებსაც ერთმანეთს აჯიბრებენ. ძაღლები ალიკაპის გარეშე გადაადგილდებიან, ისე, რომ იქ ბავშვების თამაში სრულიად შეუძლებელია, ბავშვს ველოსიპედით სეირნობა უნდოდა, მაგრამ იქაურობა ცხოველების ექსკრემენტებით არის დაფარული... ბავშვი სახლში ატირებული მოვიყვანე", -განაცხადა "ნიუპრესთან" საუბარში ადგილობრივმა ანა ეგუტიძემ. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე ძაღლების ორთაბრძოლებიც იმართება. 

მოქალაქის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს არ ეთანხება  პარკის დირექტორს გიზო თავაძე და განმარტავს, რომ პარკში ახლა გაცილებით კარგი მდგომარეობაა, ვიდრე წლების წინ იყო.

"მომჩივანს რა გამოლევს... ძაღლებს ასეირნებენ საბელებით,  ალიკაპითაც მინახავს.  პარკი  ყოველმხრივ დაცულია, რაც მთავარია, შემოვღობეთ, თორემ ძაღლები მანამდე გენახათ... ცხენების, ძროხების და ძაღლების სათარეშო იყო აქაურობა... განათებულია მთელი პარკი და მოპირკეთებულია. დამლაგებლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ტერიტორიას," -განაცხადა პარკის დირექტორმა გიზო თავაძემ.

 მერიის ააიპი "მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი"  ქუთაისის ერთ-ერთი დიდი პარკი და მოქალაქეების თავშეყრის ადგილია. პარკი ქალაქის ბიუჯეტიდან 165 ათასი ლარით ფინანსდება.

2017 წლის დასაწყისიდან ცხოველების მოვლის წესების დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდა, თუმცა ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესების შესახებ" კანონი  მხოლოდ თბილისში მოქმედებს და უცნობია, შეუერთდებიან თუ არა მუნიციპალიტეტები.

ავტორი: ხატია ბანძელაძე