"მოხდა უდიდესი ტრაგედია და სოციალური დახმარების შეწყვეტაზე საუბარი ახლა აზრს მოკლებულია"
ბაღდათის მუნიციპალიტეტში პრემიერის წარმომადგენელი სოზარ სუბარი ჩავიდა. ის მომხდარი ტრაგედიის დეტალებს ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, რა მოხდა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხია, ამაზე გამოძიება მუშაობს. მან ასევე განაცხადა, რომ ამ თემით მანიპულირება, არასწორია.
"უდიდესი ტრაგედია მოხდა, ჩამოვედით, რომ სამძიმარი ვუთხრათ ოჯახებს და გამეგო, რა მოხდა. ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვას პასუხს გასცემს. დეტალებზე საუბარი ახლა იქნება ძალიან მძიმე, თუნდაც სოციალურ დახმარებებთან და საცხოვრებელთან დაკავშირებით. მერისგან, რაც ვიცი, მათ მიცემული ქონდათ ბინები, რა მდგომარეობა იყო და რა პირობებში იყვნენ, ამას გამოძიება დაადგენს. სოციალური დახმარების შეწყვეტაზე არ იყო მართალი ინფორმაცია, დახმარება აღუდგათ და ეს ვერ იქნებოდა მიზეზი ახლა სახლში გადმოსვლის, მაგრამ ამ წუთში ყველაფერ ამაზე ლაპარაკი, აზრს მოკლებულია. კიდევ რამის გაკეთება შეიძლებოდა თუ არა, ამას გამოძიება დაადგენს. ეს არის უმძიმესი ტკივილი. რაც შეეხება მთავრობისკენ ხელის გაშვერას, როდესაც ოჯახის წევრი ამას აკეთებს და რამეს იტყვის, ჩვენ არაფრის უფლება გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვეცადოთ, შევუმსუბუქოთ ტკივილი და შესაძლოა, მათ ნათქვამში იყოს სიმართლე. როდესაც ამას ოპოზიცია აკეთებს, ასეთი ტრაგედიის გამოყენება ასეთი მიზნით, არამგონია, მათზე მეტყველებდეს კარგად. დეტალებზე მე ნუ მალაპარაკებთ, მოხდა უდიდესი ტრაგედია და ამაში უნდა ვიყოთ ერთიანები", -განაცხადა სოზარ სუბარმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი