„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადაიყვანეს
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადაიყვანეს. ის 14 დღეს საჩხერეში სასტუმროში იზოლირებულად გაატარებს. მას დაავადების არანაირი სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ჟურნალისტს კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობის იმ წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.
„ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში. ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა სახლში, ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ, რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში მყოფი პირის გადასაღებად მივიდა). გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში“, - წერს „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
ინფორმაციისთვის, საუბარია ჟურნალისტის მიერ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ჩაწერაზე, რომელსაც თავის მხრივ, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.
ავტორი: ნიუპრესი