|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთავარია, ადამიანმა ხელები არ ჩამოუშვა და ოცნებას ზურგი არ აქციო"

 ანა მიქელაძე საზოგადოებამ საბერძნეთში გამართულ მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობით გაიცნო. ამ კონკურსმა მას უამრავი გულშემატკივარი შესძინა და რაც მთავარია, წარმატების მიღწევის სურვილი კიდევ უფრო გაუძლიერა.

გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა მომღერალთან.

 

  - ანა, სიმღერა ათენში დაიწყეთ? 

-არა, ადრეული ბავშვობიდან ვღერი. დედა მღეროდა და მისი წყალობაა, ალბათ, ჩემი მუსიკალური მონაცემები. თუმცა, რადგან ჩვენს სამშობლოში ყოველი მეორე ბავშვი მღერის, დიდ მოვლენად ეს არ ჩაუთვლიათ, სიმღერა თავის წარმოჩენის კიდევ ერთ ასპარეზად მიიჩნიეს და სიბეჯითეს უფრო სასკოლო საგნების სწავლისას მთხოვდნენ. მერე და მერე მივხვდი, რომ მუსიკა  ბავშვურ გატაცებას აჭარბებდა, ისეთივე ბუნებრივი სწრაფვა იყო ჩემთვის, როგორც, ვთქვათ, გიყვარდეს შენი ახლობლები და მათ შენი შრომითა თუ წარმატებით ახარებდე... შრომობდე არა იძულებით, არამედ ბედნიერების განცდით... სწორედ ათენში, ფეხმძიმემ, სხვებივით უცხო მიწას შემოხიზნულმა, გადავწყვიტე გამომესწორებინა ბავშვობის ხარვეზი - დამეწყო ვოკალში სერიოზული მეცადინეობა.

- შარშან თქვენ მთელმა საბერძნეთმა გაგიცნოთ აქაური იქს-ფაქტორით. ტელევიზია, სოც.ქსელები, ფაქტობრივად, წაგეხმარათ, რომ  უამრავი გულშემატკივარი, როგორც ემიგრანტი, ასევე  ბერძენიც  ინტერესითა და სიყვარულით განწყობილიყო თქვენ მიმართ.

-დიახ, მადლიერი ვარ და ნამდვილად ვაფასებ ამ ადამიანთა მხარდაჭერას. იქს-ფაქტორი  იყო ჯერჯერობით ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში. ახლა მიკვირს კიდეც ჩემი მაშინდელი გამბედაობა... მრავალმხრივი გამოცდილება მივიღე: პროფესიული ზრდის თვალსაზრისით და ურთიერთობით სფეროშიც. ვიგრძენი მეგობრული თანადგომაც და გულისტკივილიც. თუმც, მაშინაც და ახლაც მიმაჩნია, რომ ამ ყოველივემ უფრო გამაძლიერა, რადგან სწორი დასკვნების  გამოტანაში დამეხმარა, შრომის სურვილი გამიმძაფრა. 

-   მაშინ, მახსოვს, უფრო ბერძნული ენის  უცოდინრობა (და არა მუსიკალობა) გამოცხადდა სკამების ტურზე თქვენი დაბლოკვის მიზეზად.

-  დიახ, უსუსური არგუმენტი იყო. ბევრი საუბრობს უცხო ენაზე, მაგრამ ხომ არ მღერის... ახლა ეგ ხარვეზიც გამოვასწორე- ავლაპარაკდი ბერძნულად. ეტყობა, მთავარია, ადამიანმა ხელები არ ჩამოუშვა და ოცნებას ზურგი არ აქციო  საკუთარი პასიურობითა და თვითშეფასების გაქრობით.

-  მას მერე თქვენს განსხვავებულ ვოკალს ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა, სცენაზეც მოუხშირეთ გამოსვლას...

-  რა გითხრათ... ვმუშაობ, ვწერ და ვამზადებ ახალ სიმღერას, რომელიც, ალბათ, ზაფხულზე იქნება მზად და შემდეგ კლიპს გადავიღებ. ასევე, ხშირად ვიღებ მონაწილეობას ათენში დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და კონცერტებში.

-  პროდიუსინგის საჭიროება უკვე იგრძენით?

-  ცხადია, ასეთია ხელოვნებისადმი ცივილიზებული მიდგომა. იქს-ფაქტორზევე  გამოიკვეთა  რამდენიმე, კომერციალიზაციისა და გზის წარმართვის შესაძლებლობა. მაშინ ამ სიახლემ ოდნავ შემაკრთო, ვფიქრობდი, რომ ჯერ მეტი უნდა მემუშავა. არადა, ეს რომ პარალელური პროცესი უნდა იყოს, უკვე მივხვდი. ამიტომაც გონივრულად მინდა წარიმართოს  და დაიგეგმოს ჩემი შემდგომი სასცენო გზაცა და შრომაც.

-  უსაყვარლესი ნიკოლი თავისი სიცელქით ხელს ხომ არ გიშლით მეცადინეობაში?

-  არა, რას ბრძანებთ, პირიქით. კონკურსის დროს, სცენაზე ძალას სწორედ მოსაცდელ ოთახში მამიკოს ჩახუტებული ნიკოლი მაძლევდა. მოგვიანებით, ტელეჩანაწერში ვნახე, ჩემი ხმის გაგონებაზე მაშინვე ცეკვას რომ იწყებდა. ახლა წლინახევრისაა, ცუღლუტია, მუსიკა მასაც უყვარს. მესმის, რომ ჩემი არა მხოლოდ სიყვარული, არამედ შრომა და წარმატება მის სასიკეთოდაა გამიზნული. საგანგებოდ აღსანიშნია ჩემი მეუღლე, ზუკა გვაზავა,  ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ერთგული მეგობარი...

-  ბევრ ქალს ეყოფოდა ეს ბედნიერებისათვის...

-  იცით, ჩემს ბედნიერებას, საყვარელ შვილსა და მეუღლეს, მეტ ელვარებას აძლევს, დამერწმუნეთ, სწორედ ბავშვობიდან გამოყოლილი ოცნება პროფესიულ სცენაზე (სამოყვარული მაშინაც არ მაკლდა). მინდა, რომ ძალა მეყოს ამ ოცნების განსახორციელებლად. ვიცი, ბევრი შრომა მომიწევს, მაგრამ მცდელობას ნამდვილად არ დავაკლებ. საბედნიეროდ, სიზარმაცე არ მჩვევია...

-   ეტყობა, ბევრი  გიფიქრიათ მომავალზე...

-   რასაკვირველია. მეტაფორულად თუ ვიტყვი, გზას დავადექი უკვე...ამ გზას აღმართიც ექნება და - დაღმართიც. ორივეს, ვფიქრობ, გონივრულად და მშვიდად უნდა შევხვდე. და მშიშარასავით უკან არ უნდა გამოვბრუნდე. (იღიმის). ვნახოთ, რა გამომივა...

-  წარმატებას გისურვებთ.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა