ნამახვანჰესის საქმეზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ აღსრულება შეაჩერა
პარიზის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება საქართველოს მთავრობის მიერ თურქულ კომპანია ENKA-ს წინაშე წაგებულ საარბიტრაჟო საქმეზე განხილვა და არ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, არ მოხდება ENKA-ს სასარგებლოდ ICC-ის არბიტრაჟის განაჩენის შესაბამისად, დაკისრებული კომპენსაციის და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებლივი აღსრულება. ამასთან, სასამართლომ საქართველოს მთავრობას აღნიშნული კომპენსაციის არც გამოუხმობ ესქროუ ანგარიშზე განთავსება არ დააკისრა, რასაც ENKA ითხოვდა.
განჩინება, რომელიც 2025 წლის 9 დეკემბრით არის დათარიღებული.
ცნობისთვის, საქართველომ ENKA-სთან საარბიტრაჟო დავა 2024 წლის დეკემბერში წააგო. განაჩენი საქართველოს მიერ 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებდა. ამასთან, ამ თანხას ემატება პროცენტიც (SOFR+4%) იქამდე, სანამ საქართველო განაჩენს სრულად არ აღასრულებს. ამ დროისთვის პროცენტთან ერთად კომპენსაციის მოცულობა 450 მილიონ დოლარს აჭარბებს.
2025 წლის დასაწყისში ENKA-მ შესაბამისი ქვეყნის - საფრანგეთის სასამართლოს მიღებული განაჩენის აღსრულების პროცედურების დაწყების მიზნით მიმართა, პარალელურად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აპელაციას განაჩენის გაუქმების მიზნით მიმართა. 2025 წლის სექტემბერში საფრანგეთის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო განაჩენის მიღებამდე კომპენსაციის დაუყოვნებლივი აღსრულება შეჩერებულია, ანალოგიური გაიმეორა სასამართლომ 2025 წლის დეკემბერშიც.
ამასთან, აღნიშნულია, რომ არ დაკმაყოფილდა ENKA-ს მოთხოვნა მოგებული კომპენსაციის "ესქროუ ანგარიშზე" განთავსებასთან დაკავშირებით, რაც გამოუხმობ ესქროუზე განთავსდებოდა იქამდე, სანამ საქმეზე საბოლოო განაჩენი იქნებოდა მიღებული. მთავრობის მიერ დაქირავებული იურისტების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმე 400 მილიონ დოლარზე მეტ თანხას შეეხებოდა, სახელმწიფოსთვის საბოლოო განაჩენამდე მისი გადახდა მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს შექმნიდა.
საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ საჯარო კომენტარი 2025 წლის ივლისში გააკეთა, მაშინ უწყება მიუთითებდა, რომ ENKA-ს სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენის გაუქმებისთვის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობდა.
"სამინისტრო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტთან დაკავშირებით წარმომადგენლობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ კომპანია შპს „ენკა რინიუებლზსა“ და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ დავაზე, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ), სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ნამახვანს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ (ამჟამინდელი დასახელება – შპს „ენკა რინიუებლზ“) შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე დადებული ხელშეკრულებიდან. აღნიშნული დავის ფარგლებში მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით ქართულმა მხარემ მიმართა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ქვეყნის კომპეტენტურ სასამართლოს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები,"- ნათქვამია უწყების პასუხში.
რას შეეხება საარბიტრაჟო დავა?
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორს-მაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის "ნამახვანჰესის" $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.
კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა. "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.
კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.
განჩინება, რომელიც 2025 წლის 9 დეკემბრით არის დათარიღებული
ავტორი:



16:05
13:33
12:21
16:16
14:41
















