"ნახევარი საათი გაჩერებულ ვაგონში - ექსტრემალური ტური რიონის თავზე"
"ნახევარი საათია მჩქეფარე რიონის თავზე, ქუთაისურ ხვატში, საბაგიროს ორი ვაგონია გაჩერებული. სავარაუდოდ, უშუქობის გამო.. კალაძესაც კი არ ვუსურვებდი ახლა იქ ჯდომას", - დაწერა სოციალურ ქსელში "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.
როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, შემთხვევას თავად შეესწრო. მისი თქმით, ვაგონი დიდი ხნით იყო გაჩერებული, ბოლოს კი ნელა დაუშვეს, სავარაუდოდ, ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებით. ვაგონში კი ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები და ტურისტები.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ქუთაისის ფილიალში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული არ ყოფილა. "ფიდერი არ არის გამორთული, სავარაუდოდ, ადგილზეა დაზიანება. უკვე გასულია ტექნიკური პერსონალი და გაარკვევენ, რა მოხდა", -განუცხადეს "ნიუპრესს".
ბარათაშვილი შემთხვევის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს: "დაეშვა მშვიდობით, ტურისტებისათვის ექსტრემალური ტური შედგა".
საგანგაშოდ არ მიიჩნევს მდგომარებას "გაბაშვილის ბაღის" მენეჯერი კახა კუხიანიძე.
"მოხდა ავარიული გათიშვა ელექტროენერგიის გამო, მიზეზის დასადგენად ახლაც მუშაობენ ქვესადგურში. ვაგონი ნელი სვლით, როგორც არის სტანდარტი, გენერატორის დახმარებით დაუბრუნდა დისლიკაციის ადგილს, თუმცა ნახევარი საათი გაჩერებული არ ყოფილა", -განაცხადა მან.
კუხიანიძის თქმით, აღნიშნული ვაგონებით გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა, "ყველაფერი სტანდარტებშია ჩამჯდარი და ყოველწლიურად გადის შემოწმებას."- განაცხადა მან კითხვაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული ვაგონებით გადაადგილება.
ავტორი: ნიუპრესი