|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნეპოტიზმი და „ქალაქის სიყვარულის“ საზომით შერჩეული კანდიდატები ქუთაისში

მმართველი პარტიის ქუთაისის  მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ  „იმედის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მერიის ააიპებში 200- დან 300-მდე მათი აქტივისტია დასაქმებული.

პარტიული აქტივისტებისა და ნათესავების დასაქმების თემა აქტუალურია ქუთაისში. „ქართული ოცნების აქტივისტები პირად საუბრებში არც მალავენ, რომ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის  მთავარი მოტივაცია, დასაქმებაა. მოსალოდნენ საკადრო ცვლილებებზე ღიად  საუბრობენ ქუთაისის მერიაშიც.

ქალაქში, სადაც დასაქმების პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, კანდიდატებისათვის მხარდაჭერის გამოცხადება სწორედ ამ ნიშნით ხდება. „კარგი ოჯახიშვილი“ - ამ სტატუსით წარდგენილი მერობის კანდიდატი (ამგვარად წარუდინა ჭიღვარია ამომრჩეველს მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ) ნათესავებისა და მხარდამჭერთა მრავალრიცხოვანი შემადგენლობისათვის სწორედ დასაქმების ერთგვარ იმედს წარმოადგენს.  გიორგი ჭიღვარია, რომელიც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გარდა, წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორიცაა, სადაც ასევე მისი მშობლებიც მოღვაწეობდნენ, ამ უნივერსიტეტის ელიტური წრეების მხარდაჭერითაც სარგებლობს. საკრებულოს ოპოზიციურმა წევრმაც კი, რომელიც ბურჯანაძის პარტიას წარმოადგენდა, ამავე დროს კი, წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორია, პარტიის შემადგენლობა დატოვა, თუმცა სხვა მოტივით და თავისი მხარდაჭერა სახელისუფლებო კანდიდატს - გიორგი ჭიღვარიას გამოუცხადა.

თავად გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მთავარ გამოწვევად ნეპოტიზმს და კლანურ მმართველობას არ მიიჩნევს.  ჩვენს შეკითხვაზე, მან ქალაქის მთავარ პრობლემად, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სოციალური საცხოვრისი დაასახელა.

 მისი თქმით, ის ნეპოტიზმისაგან თავისუფალი იქნება, ხოლო მერიაში საკადრო ცვლილებს არ აპირებს.  „თუ დღევანდელ ხელისუფლებაში ნეპოტიზმია და იქ  სანათესაო ყავს დასაქმებული, ჩვენ ვრჩებით იმ ხალხთან, ვინც წინა მერის "ნათესავები და ახლობლები" არიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნეპოტიზმისაგან თავისუფლები ვიქნებით“, -განაცხადა ჭიღვარიამ "ნიუპრესთან" საუბარში.

მისი თქმით, საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა ვინც მისი მუშაობის ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათთან არსებული კანონით იმოქმედებს.

 ახლობლობისა და მეგობრობის ნიშნით შეარჩია „ქართული ოცნების“  მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების უმეტესობა. ქალაქისათვის სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებსაც ერთეული გამონაკლისის გარდა, მხოლოდ ვიწრო ბიზნეს წრეებში იცნობებ, არც მალავენ, რომ ჭიღვარიას ახლობლები და მეგობრები არიან. თავად მერობის კანდიდატი კი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ თავის გუნდი პროფესიონალიზმისა და „ქუთაისის სიყვარულის“ ნიშნით შეარჩია.

  დასაქმებას მიიჩნევს ქუთაისის მთავარ გამოწვევად „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, იმერეთსა და ქუთაისში  შემზარავი გაჭირვებაა. “ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ საერთოდ მივიწყებულია ეს მხარე. ულამაზეს ევროპულ ქალაქში არის საშინელი გაჭირვება. კოშმარია, როდესაც ოჯახს, ამ ცხელ ზაფხულში, უჭრიან წყალს, იმის გამო რომ მას აქვს 150 ლარის  დავალიანება  და სამი შვილის დედას ფული არ აქვს, რომ ეს გაუგებარი დავალიანება გადაიხადოს“, -განაცხადა ვაძაძემ. 

ჩვენს ხუმრობანარევ კითხვაზე, რადგან ვაშაძე ქუთაისელი არაა, შესაბამისად, მერიაში ნათესავებსაც ვერ დაასაქმებს, მერობის კანდიდატმა გვიპასუხა, რომ ქუთაისში ნათესავებიც ყავს და მეგობრებიც,  თუმცა მათგან მერიაში არავინ იმუშავებს.

ვაშაძე აცხადებს, რომ მისთვის გამაოგნებელი იყო სატელევიზიო დებატებში  “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას განცხადება პარტიის აქტივისტების დასაქმების შესახებ.  ვაშაძის განცხადებით,  ვიდრე ქუთაისში წამოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ქალაქის ბიუჯეტი და სხვა მასალები შეისწავლა და მისთვის ყველაზე გასაოცარი ბიუროკრატიის მაჩვენებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ქუთაისის მერიასა და მერიის ააიპებში 5 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, რაც სრულებით არ სჭირდება 150 ათასიან ქალაქს. 

ვაშაძის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, მერიაში მხოლოდ კვალიფიციური ადამიანები დასაქმდებიან.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ნეპოტიზმის არსებობის შესახებ საუბრობს „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე, რომელიც ამავე დროს საკრებულოს წევრიცაა.

 “ამ ხელისუფლების პირობებში ქუთაისისათვის სერიოზული პრობლემაა ნეპოტიზმი. მერია-საკრებულოში დასაქმებულთა უმრავლესობა ჩინოვნიკების ოჯახის წევრები და მეგობარ-ნათესავები არიან. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ნებისმიერი კადრი შეირჩევა კონკურსის გზით და პროფესონალიზმისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ამასთან, არ მოხდება კვალიფიციური საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება“, -განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

 „პროფესიონალიზმით“ აპირებს პრობლემას დაუპირისპირდეს ქუთაისის მერობის კანდიდატი „შენების მოძრაობიდან“ ალუდა გოგლიჩიძე. მან წამოიწყო კამპანია „პროფესიონალიზმის დროა“, რაც პროფესიონალი ქუთაისელების პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას გულისხმობს. გოგლიჩიძის თქმით, ამ კამპანიით საზოგადოებაში გავრცელებულ ნიჰილიზმს უპირისპირდება.

„გაუმართლებელი მიგრაცია, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ადამიანები ამ ქალაქში ვერ პოულობენ საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას. გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი პოტენციალი გამოავლინონ და რა ეღობება?- ეღობება ნეპოტიზმი, გაუმჭირვალე მმართველობა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა. არავითარი შეფასებისა და ანგარიშგების თანამედროვე სისტემა არ არსებობს. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საბჭოთა ინერციით მართავენ ამ ქალაქს“, -აცხადებს გოგლიჩიძე ჩვენთან საუბარში, რომელიც არჩევნების შედეგების მიუხედავად, ქუთაისის აქტიურ პოლიტიკაში დარჩენის პირობას იძლევა.

„თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი  გოგი წულაია, კი მერობის ის კანდიდატია, რომელსაც ქუთაისში არსებულ ყველა პრობლემაზე საჯარო ინფორმაცია გამოთხოვილი და ბრიფინგი ჩატარებული აქვს.  ის ამჯერად  მერიის ააიპებში დასაქმებულების შესახებ ინფორმაციას ელოდება, თუმცა აცხადებს,  საჯარო ინფორმაცია დადგენილ ვადებში არ მიუღია. ის აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებას ამ ეტაპზე  მერიის ააიპებში დასაქმებულებისა და საუბნო კომისიებში დამოუკიდებელი ქვოტით დასაქმებული კომისიის წევრების შედარებისათვის გეგმავს. სხვა დროს კი მისი პროტესტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა მერიის ააიპებში დასაქმებული კადრების საკითხი. „მერიის ააიპებში დასაქმებულია პარტიული აქტივისტობისა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობის ნიშნით, რაც არის ტრაგედია.  ნეპოტიზმი ტვირთად აწევს ქუთაისს, ქალაქის ადმინისტრირების ხარჯები გაუმართლებლად მაღალია“, -წულაიას განცხადებით, აღნიშნული ხარჯები უნდა შემცირდეს და ქალაქს მიეცეს „ამოსუნთქვის  საშუალება“.

      

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

  

ავტორი: ირინა მაკარიძე