საკადრო წმენდა "ოცნებაში?!"
პოლიტიკური
კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის შიდასამზარეულო კვლავ სოციალურ ქსელში
განხილვის საგანი ხდება. Kutaisitoday.ge-ზე
და Facebook-ზე განთავსებული
მასალების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი
გელა გაბადაძე (რომელიც შტაბის საქმიანობასაც უნდა გაძღოლოდა), თბილისიდან
მოვლინებულმა ზაზა მეთაფლიშვილმა ჩაანაცვლა. აღნიშნული მასალის ავტორი „ქართულ
ოცნებასთან“ დაახლოებული პირების პირად
საუბრებს ეყრდნობა და ამბობს, რომ საკადრო
გადაადგილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თბილისიდან მოდის და ბიძინა
ივანიშვილის განკარგულებით, კოალიციის დანარჩენი ლიდერებიც მალე დატოვებენ კუთვნილ
პოსტებს.
პოლიტიკური
კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისში
საკადრო ცვლილებების განხორციელებას უარყოფენ. ქუთაისში, გაერთიანების პრესსამსახურის უფროსის გიორგი მჟავანაძის
თქმით, ჟურნალისტებმა ფაქტს თავიდანვე არასწორი ინტერპრეტირება მისცეს. მისი თქმით, გელა გაბადაძე არა შტაბის, არამეც ოფისი
ხელმძღვანელად დაინიშნა. თავად შტაბის ხელმძღვანელი ზაზა მეთაფლიშვილი კი გელა
გაბადაძის პიროვნულ თვისებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გაბადაძემ კოალიციის ოფისი
მისი პიროვნული მონაცემების გათვალისწინებით ჩაიბარა.
„გელა
გაბადაძის ღვაწლიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ბოლომდე იმის მომხრე
ვიქნები, რომ ეს ადამიანი ოფისის ხელმძღვანელად დარჩეს. გაბადაძეს ქუთაისში
იცნობენ როგორც პატიოსან კაცს. ეს არის ის
ადამიანი , რომელსაც შეიძლება კაცმა ოჯახი
ჩააბაროს,“ - ამბობს ზაზა მეთაფლიშვილი, რომელიც ქუთაისში თბილისიდან ერთი კვირის
წინ მოავლინეს. ზაზა მეთაფლიშვილი „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელია კოალიციაში.
როგორც newpress.ge-სთვის გახდა ცნობილი, კოალიციის ოფისში შესაძლოა,
უახლოეს მომავალში მორიგი საკადრო წმენდა განხორციელდეს, რის შემდეგაც გარკვეული პირები
კოალიციას დატოვებენ. ერთ-ერთ კანდიდატად „ეროვნული
ფორუმის“ წევრი კახი დვალიშვილი
სახელდება.
„მე
„ეროვნული ფორუმის“ რეგიონული კოორდინატორი ვარ. კონკრეტული პირების დასჯასა თუ
წახალისებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება ჩემი კომპეტენციაა. თუმცა
ამგვარ რაიმეს გაზეთიდან ვიგებ,“ - ამბობს ზაზა მეთაფლიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე