გიორგი თევდორაძე: ქვეყანა ისეთი მცენარეა, რომელიც სისხლით მორწყვას საჭიროებს
ქუთაისში,
ფაშიზმზე გამარჯვების 67 წლისთავს აღნიშნავენ. 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა და სასამულო ომის
ვეტერანებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალიდან დაიწყეს.
ქუთაისის მერმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ძალიან
მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. სიმბოლურია, რომ დღევანდელი დღე ჩვენ დავიწყეთ 2008 წლის
აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების მემორიალიდან. ეს იყო თვითონ ვეტერანების თხოვნა.
ქვეყანა ისეთი მცენარეა, რომელიც სისხლით მორწყვას საჭიროებს. ამის გარეშე არც
ქვეყანა და არც იდეოლოგია იარსებებს. თითოეული
ვეტერანი ერთგვარი ლეგენდაა დღეს. ეს ადამიანები ჩვენგან საჭიროებენ ყურადღებასა
და თანადგომას,“ - ამბობს ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე.
2008
წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალიდან ვეტერანებმა და ადგილობრივმა
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მემორიალთან
გადაინაცვლეს. სადაც ომის მონაწილეებს გარკვეული ეპიზოდების გახსენების საშუალება
მიეცათ. 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების აღნიშვნა საბრძოლო დიდების ეროვნულ
მუზეუმში დასრულდება.
დღესდღეობით იმერეთის რეგიონში ომის მონაწილეთაგან 700 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ქუთაისში მცხოვრებ ვეტერანთა რიცხვი 120–ს შეადგენს. ქალაქის მერის განცხადებით, თითეულ მათგანს
ადგილობრივი თვითმმართველობის ფონდიდან 100 ლარის ოდენობის ფულადი პრემია გამოეყო.
როგორც თევდორაძემ განმარტა, აღნიშნული დახმარება
ვეტერანების მიმართ ერთგვარი სიმბოლური პატივისცემის გამომხატველია.
„საჭირო იყო ამ დღის ასე გახსენება. ხელისუფლება მუდმივად გვაქცევს ყურადღებას,“ - აღნიშნეს სამამულო ომის მონაწილეებმა.
„ეს დღე განსაკუთრებული
და მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის და
განსაკუთერებით ომის მონაწილე ვეტერანებისთვის. ისინი ჩვენგან სითბოს და ყურადღებას
იმსახურებენ. ხელისუფლება ყოველთვის მხარში უდგას ვეტერანებს, ეს მხარდაჭერა მომავალშიც
გაგრძელდება,“ - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ.
9 მაისს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. სწორედ ამის შემდეგ, 9 მაისი დღესასწაულად გამოცხადდა.
9 მაისი
დასვენების დღედ არის გამოცხადებული.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე