კონტროლის პალატა ფონდ „ქომაგის“ ანგარიშების დაყადაღების თაობაზე
"ფინანსური
მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს კანონმდებლობით
მინიჭებული უფლებამოსილება და დააყადაღოს აიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშები.
აგრეთვე, განახორციელოს ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და შესაბამისი
ადმინისტრაციული ღონისძიებები,“ –
ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“ 2012 წლის 30 აპრილს დაარსდა. ფონდის შექმნისა და საქმიანობის
მიზნად განისაზღვრა პოლიტიკური ნიშნით დაზარალებული პირების ფინანსური და
იურიდიული დახმარება. გაცხადებული ინფორმაციის თანახმად, „ფონდი დაზარალებულ
მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს, მისცემს
წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას...
საჭიროებიდან გამომდინარე, გამოუყოფს ყოველთვიურ დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე.
„ყოველივე
აღნიშნული ქმნიდა ფონდის მიზნების, ამოცანების კავშირს და პირდაპირ მიმართებას
პოლიტიკური ორგანიზაციის პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან და საქმიანობასთან. რაც
ასევე გამოიხატება ფონდის ხელმძღვანელის საჯარო ქმედებებში მოახდინოს „კოალიციის“
პოლიტიკური მიზნების კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ამომრჩეველთა მატერიალური
დაინტერესებით, პარტიის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციას შეუწყოს ხელი.
აღნიშნულის შესახებ კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2012
წლის 14 მაისს, გააკეთა შესაბამისი
განცხადება და მოუწოდა შესაბამის სუბიექტებს კანონმდებლობის ფარგლებში
მოქმედებისკენ,“ – ნათქვამია
განცხადებაში.
კონტროლის
პალატაში აცხადებენ, რომ 2012 წლის 17 მაისს, აღნიშნული ფონდის ანგარიშზე უცხოეთიდან
საქართველოს კონსერვატიული პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, ბიძინა
გიორგობიანის მიერ, განხორციელდა 90. 000 ევროს ოდენობის ტრანზაქცია. „გიორგობიანი,
ამავდროულად არის პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება-
დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და მისივე საჯარო განცხადებებით, მჭიდროდაა
დაკავშირებული „ქართული ოცნების“ გეგმებთან. აღნიშნული
ტრანზაქცია, ისევე როგორც ფონდის საქმიანობა, სუბიექტების, ფორმით, შინაარსითა და
სხვა ნიშნებით პოლიტიკური ხასიათითაა ნიშანდებული და წინააღმდეგობაშია მოქმედ
კანონმდებლობასთან,“ – აღნიშნულია კონტროლის პალატის განცხადებაში.
ავტორი: "ნიუპრესი"