საატესტატო გამოცდების პირველი დღე
ქუთაისის
საჯარო სკოლებში აცხადებენ, რომ გამოსაშვები გამოცდები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში 30-მა მე–12 კლასელმა ტესტირება უკვე ჩააბარა. როგორც ისინი განმარტავენ,
საგამოცდო ტესტი მათთვის გასაგებ ენაზე არის შედგენილი.
„ტესტი საშუალო დონეზე არის გათვლილი, ისე რომ მინიმალური
ქულის აღება ყველას შეეძლოს. პირადად მე 8.3 ქულა მივიღე, რითაც მინიმალური ზღვარი
გადავლახე. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ“, - ამბობს ქუთაისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე
გულადი გელოვანი. აღნიშნულ სკოლაში საატესტატო
გამოცდა კიდევ 38-მა მოსწავლემ უნდა ჩააბაროს.
საქართველოს სკოლებში
საატესტატო გამოცდები დღეიდან
დაიწყო. სკოლებში პირველი ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.
მე-12 კლასელები
სულ 8 გამოცდას ჩააბარებენ. ტესტირება ეგრეთ წოდებული CAT - ის პრინციპით ჩატარდება,
რომლის მიხედვითაც,
კომპიუტერული პროგრამა კითხვების სირთულეს
ავტომატურად
არჩევს. ყოველი მომდევნო შეკითხვის სირთულე
მოსწავლის მიერ გაცემულ პასუხზეა დამოკიდებული.
გამოცდაზე მოსწავლეები 10-10 ჯგუფად შედიან. თითოეული
ნაკადს ონლაინ რეჯიმში გამოსაცდელად 1 საათი აქვს დათმობილი.
სკოლებში გამოცდების მიმდინარეობას ორ-ორი დამკვირვებელი აკვირდება. საგამოცდო პროცესში სულ 2000-ზე მეტი მეთვალყურეა ჩართული. საგამოცდო
ოთახში დამონტაჟებულია ვიდეო თვალი.
ქუთაისის #1
საჯარო სკოლაში განმარტავენ, რომ ონლაინ რეჯიმში გამოცდების ჩატარება მისაღებია.
„საქართველოს მასშტაბით ერთიანი სისტემით ფასდებიან
მოსწავლეები. აქ სკოლისა და პედაგოგის ფაქტორი გამორიცხულია. ჩვენმა მოსწავლეებმა კარგი
მაჩვენებელი დააფიქსირეს და ეს ძალიან მახარებს,“ - ამბობს ქუთაისის #1 სკოლის დირექტორი თამაზ ცხადაძე.
2012 წლის გამოსაშვები გამოცდების პირველი დღე 9:00 საათიდან დაიწყო
და 17:00 საათამდე გაგრძელდება.
საატესტატო გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის
გარდა, კიდევ 7 საგანში ჩატარდება: 22 მაისს მე–12 კლასელები გამოცდას უცხო ენაში ჩააბარებენ, 23 მაისს – ისტორიაში,
24 მაისს – გეოგრაფიაში, ფიზიკაში ტესტირება
25 მაისს ჩატარდება, ქიმიაში - 28 მაისს, ბიოლოგიაში -29 მაისს, ხოლო 30 მაისს საატესტატო გამოცდებს
მათემატიკა დაასრულებს.
ავტორი: თეკლა მორგოშIა