„9 მაისი რომ არ დამდგარიყო, ადამიანთა მოდგმას რა დაემართებოდა, არ ვიცი"
"არ მინდა ის სისაძაგლე ნახოს ხალხმა რაც ომმა იცის. 9 მაისი რომ არ დამდგარიყო, ადამიანთა მოდგმას რა დაემართებოდა, არ ვიცი," - ასე აფასებს ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ქუთაისელი გრიშა კუჭაშვილი.
ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ომის ვეტერანებს შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.
ვეტერანებმა ქუთაისში, აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკო კაჭკაჭიშვილის
თქმით, ომში მონაწილე პირებიდან ყველაზე დიდი რაოდენობა (700 000 კაცი) საქართველოდან
იყო.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ადამიანებს. ქუთაისში
ომის ვეტერანებიდან გასულ წელს 108 კაცი იყო. მიმდინარე წელს 83 კაცია დარჩენილი. სამწუხაროდ,
მათი რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება,“ - ამბობს კაჭკაჭიშვილი.
ქუთაისის მერიისგან ომის ვეტერანებს პრემიის სახით
100 ლარი გადაეცემათ. მათ ბანკეტზეც უმასპინძლებენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე