|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანძრით დაზარალებულთა დახმარების საკითხი გაურკვეველი რჩება

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. შემთხვევის ადგილზე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი და საკრებულოს სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, პირველ რიგში დასუფთავების  პრობლემა მოწესრიგებდა, ხოლო მოსახლეობისათვის დახმარების საკითხი მომდევნო ეტაპზე გადაწყდება.

„ამ წუთში რასაც ვაკეთებთ, ეს არის ტერიტორიის დასუფთავება. ეს თვითონ მოქალაქეების თხოვნაა. ასევე, მოვაჭრები ბაზრის ხელმძღვანელობისაგან დღეს გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ, ეს უკვე მათ შორის მოლაპარაკების საგანია. დღის მეორე ნახევარში გადაწყდება როგორ დავეხმარებით მოსახლეობას,“ - ამბობს ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წევრი მერაბ მეველიანი.

„ჯერ ტერიტორიის დასუფთავებას უნდა მივხედოთ. აქ იმყოფება როგორც დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, ისე სამსახურის თანამშრომლები. ამის შემდეგ გადაწყდება რა სახის დახმარება გაეწევა მოსახლეობას,“ - ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი.

ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან დახმარების გაწევის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არც დაზარალებულები ფლობენ.

„აქ რომ მოწესრიგდება მდგომარეობა, დაიბარებენ ჩვენს უფროსებს და დახმარების საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული - ნანი გოჩანაშვილი.

ხანძარი ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ე.წ. პასაჟებში გუშინ, 03:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია,  თუმცა სავარაუდო ვერსიად ელექტროენერგია სახელდება. მოვაჭრეები არც მეორე ვერსიას გამორიცხავენ, რომლის მიხედვით, ცეცხლი ტერიტორიაზე მიზანმიმართულად გააჩინეს.

ამ წუთებში  შემთხვევის ადგილას  დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებსაც  ტერიტორიიდან ნაგავი გააქვთ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა