მზადება 26 მაისისთვის პოლიციის კონტროლის ქვეშ
ქუთაისში,
საქართველოს პარლამენტის პლენარული
სხდომისა და აღლუმის სამასპინძლოდ საგანგებოდ ემზადებიან. ამ დროისათვის სრულდება
საკანონმდებლო ორგანოს გადახურვა, ტერიტორიის გამწვანება, თხრილების მოსწორება და
აუზის მოწყობა.
აღნიშნული
სამუშაოების გათვალისწინებით, ავტოქარხნის მიმართულებით შეფერხებულია ტრანსპორტის გადაადგილება.
გზაზე ვითარებას სამხედრო და საპატრულო
პოლიციის წარმომადგენლები უკვე მეორე
კვირაა აკონტროლებენ.
„აქ
24-საათიან რეჟიმში მიდის მუშაობა. 1000 კაცია და ყველას თავისი საქმე აქვს. მე
მაგალითად ტერიტორიის გამწვანებასა და ბალახების მორწყვაზე ვმუშაობ. 26 მაისისთვის
აუზი გაკეთებული უნდა იყოს, რა სამუშაოსაც
აქ ხედავთ, ყველაფერი 26 მაისისთვის უნდა მოესწროს, თუმცა სამუშაოები შემდეგაც გაგრრძელდება,“
- ამბობს საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა ლევან
ტყეშელაშვილი.
„ჩვენ
არხის გაკეთებაზე ვართ პასუხისმგებელი. ყველაფერი სწრაფ ტემპში კეთდება. ხვალ
მაგალითად აუზში წყალი უნდა გაუშვან. 26-მდე აუზის ირგვლივ გამწვანების გაკეთებაც მოესწრება. თვითონ შენობაც სრულდება.
3-4 ფილა დარჩა და გადაიხურება. შენობის შიგნით ხარაჩოების აღება დაწყებულია.
კეთდება პარლმენტის შემოსასვლელიც, რომელიც წყალტუბოს მხრიდან იქნება,“ - ამბობს მუშა გაგა გოცაძე.
აღსანიშნავია,
რომ უშუალოდ პარლამენტისა და მისი ტერიტორიის მოწყობის გარდა, მწვანე საფარისა და ფილების
დაგება საქართველოს მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ხორციელდება.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარობს საავტომობილო გზის გაფართოებისა და მიმდებარე
კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები. პარლამენტის წინ მდებარე 3 კორპუსი მინისა
და ხის კონსტრუქციაში მოთავსდა.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 26 მაისს გაიმართება. ამავე დღეს სამხედრო აღლუმიც შედგება. ამ დროისათვის დასრულებულია იმ სცენის მოწყობა, რომელზეც ორკესტრი უნდა განთავსდეს. ხოლო საქართველოს მთავრობისათვის განკუთვნილ სცენაზე ხალიჩების დაგება ამ წუთებში მიმდინარეობს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე