|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლებამ ხანძრით დაზარალებულთა დახმარების საკითხი ვერ გადაწყვიტა

ქუთაისის ცენტრალურ უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებისგან დაპირებულ დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ელიან.

,,გუშინს მერე ჩვენთვის ხელისუფლებას არანაირი დახმარება არ გაუწევია. დაგვპირდნენ, რომ საქმეს განიხილავენ და პრობლემების გადაწყვეტაში დაგვეხმარებიან. თუმცა, ისინი ამ დრომდე არ გამოჩენილან,“ – ამბობს  ადგილობრივი მოვაჭრე დარეჯან გაბუნია.

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ფალიაშვილის ქუჩაზე, (ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე) ხანძარი 21 მაისს შუაღამისას, დაახლოებით 03:00 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია ბაზრის დიდი ნაწილი და ე.წ პასაჟების ტერიტორია.

დაზარალებული მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ფინანსური დახმარების გარდა, საგადასახადო შეღავათებს ბაზრის ხელმძღვანელობისგანაც ელიან.

როგორც ქუთაისის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი, მერაბ მეშველიანი განმარტავს, დაზარალებულთა პირველი მოთხოვნა ხანძრის შედეგად დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავება იყო და ეს მოთხოვნა დაუყონებლივ შესრულდა.,,რაც შეეხება ფინანსური დახმარების ნაწილს, თვითმმართველობა იმსჯელებს და დახმარებას გადაწყეტილების მიღებისთანავე გაუწევს დაზარალებულებს,“ – ამბობს მერაბ მეშველიანი. აღსანიშნავია, რომ დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას დაზარალებულებს ჯერ კიდევ გუშინ, დღის მეორე ნახევრისთვის პირდებოდნენ. თუმცა მერიას ჯერ არც დახმარების ტიპი, არც თანხის რაოდენობა და ვადა გადაუწყვიტავს.

ასევე, ამ დრომდე დაუდგენელი რჩება ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში (ე.წ. პასაჟებში) გაჩენილი ხანძრის მიზეზები. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო ვერსიებს შორის ადგილობრივი მოვაჭრეები, როგორც ელექტროენერგიას, ასევე, მიზანმიმართულ ქმედებასაც ასახელებენ.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა