|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აღლუმის რეპეტიცია ქუთაისში

ხელისუფლების მხრიდან ქუთაისში აღლუმის სამზადისი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის – ასეთ განცხადებას აკეთებენ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციაში.

„გუშინ ღამის პირველი საათიდან დილის ათისნახევრამდე სავაჭრო ცენტრ „პოპულიდან“ ავტოქარხნის პირველ შესასვლელამდე, გზები გადაკეტეს   და აღლუმისათვის ვარჯიში დაიწყეს,  რომელშიც  ასობით ერთეული მძიმე ტექნიკა, ტანკები, ათასობით ჯარისკაცი მონაწილეობდა.  მთელი ღამე მიდიოდა ამ ტანკების ხრიგინი.   ხალხი  შიშსა და სტრესში იყო. აღლუმისათვის ვარჯიში მოსახლეობის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს,“ – განაცხადა  პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის  წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. როგორც წულაია ამბობს, ხელისუფლების მხრიდან აღლუმის სამზადისის გამო, მოსახლეობას საფრთხე ექმენა. რადგან საჭიროების შემთხვევაში, ავტომშენებლის დასახლების ლუწ მხარეზე მცხოვრებ მოსახლეობასთან სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მისვლა შეუძლებელია.

„ელემენტარული ხანძარი რომ გაჩნდეს, ან ვინმეს გული შეუწუხდეს, ვერავინ დაეხმარება ამ ადამიანებს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ხელისუფლება ხალხზე არ ზრუნავს, თავისი პიარისთვის იბრძვის და მეტი არაფერი. მინდა აღვნიშნო, რომ ცივილიზებულ სამყაროში  აღლუმი არსად ტარდება ასეთი მძიმე ტექნიკის დემონსტრირებით. ასე გაგრძელდება 26-მდე. ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაითვალისწინოს მოსახლეობის უსაფრთხოება,“ - ამბობს გოგი წულაია. 

წულაიას ინფორმაციით, ქუთაისში გასამართი აღლუმის სამზადისის გამო, დღეს დილით საკვები პროდუქტების მიწოდების პრობლემა შეექმნათ ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ მაღაზიებს, ხოლო მოსწავლეები სკოლაში მისვლას ვერ ახერხებდნენ.

როგორც წულია ამბობს, სამხედრო შენაერთები და ტექნიკა, ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ. აეროპორტის ტერიტორიაზე არიან განთავსებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამხედრო პირები სპეციალური მანქანებით გასულ კვირას გადმოიყვანეს.

„აეროპორტის ტერიტორიაზე  დასცენ ბანაკი. მე როგორ ვიცი, სამხედრო  ტექნიკა შემოყვანილია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან. აქ შედის როგორც  ტანკები, ასევე, საზენიტო დანადგარებიც,“ - ამბობს წულაია.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება 20 მაისიდან დაიწყო, ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ ეტაპზე,  ავტოქარხნის ხიდიდან კიკვიძის ძეგლამდე არსებულ ტერიტორიას ღობე აქვს შემოვლებული.

სამხედრო აღლუმი ქუთაისში 26 მაისს, პარლამენტის წინ უნდა გაიმართოს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა