ფეროს გაფიცულ მუშებს ხვალ ჭიათურელი მაღაროელები უერთდებიან
ზესტაფონის მაჟორიტარს გოგი ქავთარაძეს, ფეროშენადნობი
ქარხნის ადმინისტრაციასა და გაფიცულ მუშებს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
მხარეები შეთანხმების მიღწევას სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა
უშედეგოდ.
მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ზესტაფონის მაჟორიტარმა
გოგი ქავთარაძემ განაცხადა, რომ ფეროს ადმინისტრაცია კონსენსუსზე იმ შემთხვევაში წამოვა,
თუ მუშები გაფიცვას შეწყვეტენ და სამუშაოს დაუბრუნდებიან. ადმინისტრაციის ამ შეთავაზებაზე გაფიცულები არ თანხმდებიან.
მაჟორიტარის თქმით, ქარხანაში ათკაციანი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც მუშებთან და ადმინისტრაციასთან ერთად ზესტაფონის გამგებელი და მაჟორიტარი შევლენ.
ჯგუფმა ქარხანაში სამუშაო პირობების კუთხით არსებული
ვითარების შესწავლა და გამოსწორება უნდა უზრუნველყოს, რადგან მაჟორიტარის თქმით, გაფიცულების
მიერ წამოყენებული ერთ–ერთი პირობის – ხელფასების 50%–იანი ზრდის შესრულება შეუძლებელია.
ქარხნის მუშები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.
ისინი ჯერ სამუშაო ჯგუფის შექმნას და პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ, ხოლო სამუშაოზე
დაბრუნებას ამის შემდეგ აპირებენ.
ზესტაფონში გაფიცულ მუშებს ხვალ სოლიდარობას ჭიათურელი
მაღაროელები გამოუცხადებენ, რომლებიც გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ.
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშები უკვე მეხუთე
დღეა გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების
50%–იან, ღამის საათების შრომის ანაზღაურების 20%–იან ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას
ითხოვენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე