ზუგდიდელ პატიმრებს პოლიციელების გადასარჩენად წირავენ?
ქუთაისის მეორე ციხეში ზუგდიდიდან გადმოყვანილი პატიმრების
ადვოკატი იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გათვალისწინებით შესაძლოა ზუგდიდელ
პატიმრებს ქუთაისის ციხეში ლიკვიდაცია ემუქრებოდეთ.
ადვოკატ მერაბ მირცხულვას განცხადებით, სენაკში მომხდარ
ყაჩაღობაში ბრალდებულები პოლიციამ მიმდინარე წლის მარტში ქუთაისში აიყვანა. როდესაც
სამართალდამცავებმა ბრალდებულების მანქანაში ნაძარცვი ნივთები ვერ აღმოაჩინეს, მათ
ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს და სამი პირის მიმართ საქმეც ამ კუთხით აღიძრა.
ადვოკატის განცხადებით, სპეცოპერაციაში მონაწილე სამეგრელოს
რეგიონის პოლიციელები დაკავებულებისაგან ბრალის აღიარებას მოითხოვდნენ. როგორც ადვოკატი
ამბობს, იმ შემთხვევაში თუ ზუგდიდელი პატიმრები გამართლდებიან, ციხეში წასვლა მათი
დაკავების საქმეში მონაწილე პოლიციელებს მოუწევთ. შესაბამისად, ადვოკატი ამით ხსნის
პატიმრების შიშს, როდესაც ისინი ქუთაისის ციხეში საფრთხეზე საუბრობენ და ზუგდიდის ციხეში
გადაყვანას ითხოვენ.
პატიმრების მსგავსად, ანალოგიური მოთხოვნა აქვთ მათი
ოჯახის წევრებს. ერთ–ერთი პატიმრის, ლევან ეჯიბიას მამიდამ გუშინ თავის დაწვა სცადა,
ხოლო დღეს ციხესთან ხეზე ხელები მიიჭედა.
პატიმრების ოჯახის წევრები მათი მოთხოვნის შესრულებამდე
დაშლას არ აპირებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხვალ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის
შენობასთან გადაინაცვლონ და შიმშილობა დაიწყონ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე