შრომის კოდექსის რა მუხლებზე შეთანხმდნენ დეპუტატები?
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა
შრომის კოდექსის სადაო მუხლებთან დაკავშირებით
შეთანხმებას მიაღწიეს.
კომიტეტის ხელმძღვანელის დიმიტრი ხუნდაძე კოდექსის იმ
მუხლებს განმარტავს, რომლებზეც დეპუტატებმა და პროფკავშირებმა შეთანხმების მიღწევა
შეძლეს. მისი თქმით, სამუშაო კვირა 40-საათიანი ვადით განისაზღვრა, ხოლო განსაკუთრებულ
შემთხვევებში შემოდის 48-საათიანი კვირა, რომლის შემდეგ ამოქმედდება ზეგანაკვეთური
შრომა, რაც ხუნდაძის განცხადებით, საათობრივ ანაზღაურებაზე მეტია.
რაც შეეეხება კოლექტიურ ხელშეკრულებებს, დიმიტრი ხუნდაძე
განმარტავს, რომ საწარმოში დასაქმებულთა 50%-ზე მეტს შეუძლია შექმნას კავშირი და მონაწილეობა მიიღოს კოლექტიურ დავებში.
რაც შეეხება დასაქმებულთან უვადო ხელშეკრულების გაფორმებას,
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, თუ პირს მუშაობის ხუთ წელზე მეტი
სტაჟი აქვს, მისთვის უვადო ხელშეკრულება კოდექსის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ შევა
ძალაში, ხოლო ხუთ წელზე ნაკლები სტაჟის შემთხვევაში უვადო ხელშეკრულება ორ წელიწადში
ამოქმედდება.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შრომის კოდექსი დღეს, მეორე მოსმენით გავა სესიაზე,
ხოლო კანონი მისი მიღებისა და ხელის მოწერის შემდეგ შევა ძალაში.
დმანისის მაჟორიტარის კახა ოქრიაშვილის განცხადებით,
შრომის კოდექსთან დაკავშირებით დეპუტატებმა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთეს
და ცუდი აირჩიეს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე