სააკაშვილი ივანიშვილს – იმედი მაქვს, არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ \"პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მტერთან არ არის შეკრული\".
ამის შესახებ სააკაშვილმა აშშ-ის სამხედრო ხომალდზე შეკრებილი საზოგადოებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
ხომალდზე პრეზიდენტთან ერთად პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი იმყოფებოდნენ.
\"პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ სიმშვიდით ვხვდებით ომს, რომ მავთულხლართებმა საქართველოს რამდენიმე ადგილას გადმოიწია და მინდა, ამას გამოვეხმაურო. რა თქმა უნდა, იმ ხალხისთვის, ვისაც წყალი, საძოვარი, მიწა, ვენახი წაართვეს, ძნელია ამას მშვიდად შეხვდე და მე მათი მშვენივრად მესმის და ალბათ, პრემიერ-მინისტრი მათ გაუგებს. ამავე გამოსვლაში მე მოვისმინე ის, რომ რუსეთი აგრესორია, ეს მისასალმებელი და სწორი თეზისია, მაგრამ იმავე დროს გაიჟღერა, რომ ქართულ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ომზე. მინდა, ვთქვა ორიოდე სიტყვა პასუხისმგებლობაზე. რა თქმა უნდა, მე მეკისრება პასუხისმგებლობა და ყველა ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის, რომელიც ჰქონდა და აქვს რომელაშვილების ოჯახს, რომელსაც მე გლდანში ვესტუმრე. გიორგი რომელაშვილი ამ ომში დაიღუპა, მისი ძმა ფორმაში აგრძელებს სამსახურს, მისი მამა დაკავშირებულია შეიარაღებულ ძალებთან და მათ მითხრეს, რომ ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას თავის დაღუპულ შვილზე და ისინი პასუხისმგებლობით განაგრძობენ საქართველოს სამასახურს. მე რამდენიმე დღის წინ ვნახე გიორგი ანწუხელიძის დედა ქვემო ალვანში. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი ქალბატონია და როგორ პასუხისმგებლობას გრძნობს. მას ერთხელ არ წამოუკვნესია ჩემთან. ამაყად მომიყვა თავისი ოჯახის წევრებზე. მე კატეგორიულად უარვყოფ, რომ საქართველოს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს 2008 წლის ომზე. მე მინდა, სრული კატეგორიულობით გითხრათ ბატონო ბიძინა, იმედია თქვენ დაუფიქრდებით ამ საკითხს, იმიტომ, რომ ვინც ამას ამბობს, ან არ უყვარს საქართველო, ან სხვა სახის პრობლემები აქვს, ან საქართველოს მტერთან არის შეკრეული. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან, იმედი მაქვს, აცნობიერებთ თქვენ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე და იმ დაღუპული მებრძოლების წინაშე, რომლებმაც გადაარჩინეს ქართული სახელმწიფოებრიობა\", - განაცხადა სააკაშვილმა.
წყარო: pirveli.com.ge
ავტორი: ნიუპრესი