„ქრისტიან–დემოკრატები“ საკრებულოს დადგენილებას აპროტესტებენ
„ქრიასტიან – დემოკრატები“ ქუთაისის საკრებულოს
2012 წლის 29 თებერვალს მიღებულ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ქალაქში
კაპიტალურად შესაკეთებელი რამდენიმე ქუჩა ჩამონათვალიდან ამოიღეს. საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ თავმჯდომარე დავით
დვალი აცხადებს, რომ 2011 წლის 22 დეკემბრის
#143 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხიდან,
კაპიტალურად შესაკეთებელი ქუჩების (გიორგი ჯანელიძისა და ვალერიან გაფრინდაშვილის ქუჩები)
ამოღება ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე მოხდა.
დადგენილებაში შესატანი ცვლილელების საკითხი საკრებულომ
რიგით 22 – ე სხდომაზე, მიმდინარე წლის 30
მაისს წარადგინა. დადგენილების ერთ–ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა გზების მშენებლობა,
რეკონსტრუქციისა და მოვლა პატრონობის პროგრამის კორექტირება, კერძოდ, დაფინანსების
გაზრდა. აღნიშნულ პროგრამას თან ახლავს კაპიტალურად შესაკეთებელი ქუჩების ჩამონათვალი,
რომელთათვის დამატებით გამოყოფილმა თანხამ 5 მილიონ 550 000 შეადგინა.
„ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურისა და საკრებულოს
საქალაქო მეურნეობის კომისიისგან მოვითხოვთ, არგუმენტირებულ და კვალიფიციურ განმარტებას
ზემოთ აღნიშნული ფაქტის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება, ფრაქცია
,,ქრისტიან – დემოკრატებისაგან“ შეფასდება, როგორც სახელისუფლებო რესურსის წინასაარჩევნო
კამპანიისათვის გამოყენება. რაც გამოიხატება, სახელისუფლებო პარტიის მიერ შერჩევითობის
პრინციპის დამკვიდრებაში,“ – აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ დავით დვალმა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული საკითხი
კეთილმოწყობის სამსახურის კომპეტენციას სცდება.
საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ყველა ქუჩის შესაკეთებლად
თანხა არ არსებობს, ამიტომაც მათი რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.
,,გარდა
იმ ქუჩებისა, რომლებიც ჩვენ დავამტკიცეთ, რჩება უამრავი ქუჩა გასაკეთებელი. დაახლოებით
60 მილიონია საჭირო იმისთვის, რომ მთლიანად გზების ინფრასტრუქტურა მოწესრიდგეს. ის
ქუჩები, რომლებიც გასაკეთებალია, მოწესრიგდება ეტაპობრივად. ტენდერის დასრულების შემდეგ,
თუკი თანხები მორჩება, დამატებით გაგრძელდება ქალაქში სხვადასხვა ქუჩების ინფრასტრუქტურის
მოწესრიგება. გუშინ საკრებულოზე რა საკითხებიც დამტკიცდა, ბიუროზე გავლილია ეს საკითხები.
ბიუროდან წარმოიშვა ეს საკითხები საკრებულოს
სხდომაზე და გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ.
მეტი ცვლილება არაფერი მომხდარა. თუ ყველა ქუჩა ვერ მოხვდა, ძალიან ვწუხვართ, მაგრამ
ამ ახლა მეტი თანხის საშუალება არ არის,“ – აღნიშნა საკრებულოს საქალაქო მეურნეობის
კომისიის თავმჯდომარემ მერაბ მეშველიანმა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე