,,ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში აქციის გამართვაზე მერიისგან უარი მიიღო
კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ“, დღეს ქუთაისის თვითმმართველობას
საპასუხო წერილით მიმართა, რომლითაც 7 ივნისს, ცენტრალურ მოედანზე ხალხმრავალი მანიფესტაციის
ჩატარებას ითხოვენ.
კოალიციამ, ანალოგიური განცხადება მერიაში თავდაპირვალდ
28 მაისს შეიტანა. თუმცა, საპასუხოდ უარი მიიღეს იმ მოტივით, რომ იმავე დღეს ქუთაისში
გრანდიოზული კონცერტი იგეგმება, ჯეოსტარელების მონაწილეობით.
„იმ მიზეზით, რომ ქუთაისში მთელი ივნისის განმავლობაში,
ყოველდღიურად კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი, მერიისგან უარი მივიღეთ. კოალიცია
,,ქართულმა ოცნებამ“ დღეს საპასუხო წერილით
მივმართეთ მერიას და გავაკეთეთ შეთავაზებები. გადაცემულ წერილში აღნიშნულია, რომ 7
ივნისს იმართება ჯეოსტარის კონცერტი, რომელიც დასრულდება 20:00 საათზე. ღონისძიებას
ჩვენც შევუერთდებით და ამის შემდეგ, 21: 00 საათამდე, გავმართავთ მშვიდობიან მანიფესტაციას.
ერთი საათი ამისთვის საკმარისია,“ – აღნიშნა კოალიციის ახალგაზრდული საბჭოს წევრმა
შალვა კიკნაველიძემ.
განიხილავენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნულ
წერილს, უცნობია. მერიაში საკითხთან დაკავშირებით
კომენტარს არ აკეთებენ.
კოალიციის წევრები კი, პასუხს დღის ბოლომდე ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, ქუთაისში „ქართული ოცნების“
ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან, რომელიც მოსახლეობასთან შეხვერდას და წინასაარჩევნო
პროგრამის გაცნობას გეგმავს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე