ქუთაისის მერიასთან გაფიცული მძღოლები ტრანსპორტის სამსახურის შემადგენლობის შეცვლას ითხოვენ
ქუთაისის მერიის წინ გაფიცულ საქალაქო ავტობუსების მძღოლებს ახალი მოთხოვნა აქვთ. ისინი მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსისა და მთლიანად სამსახურის თანამშრომელთა გადადგომას ითხოვენ.
მძღოლების განმართებით, ტრანსპორტის სამსახურში ახალი უფროსის, ნესტორ კეპულაძის მოსვლის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა.
" ამ ადამიანის მოსვლის შემდეგ ისედაც არეული ტრასპორტის სფერო, უარესად აირია. მთელი სამსახური არის შესაცვლელი, რადგან ისინი ერთი გუნდია," – ამბობს #22 ავტობუსის მძღოლი, რამაზ ეგუტიძე.
თავად ნესტორ კეპულაძე განმარტავს, რომ თანამდებობიდან გადაგომას არ აპირებს.
"პირიქით, კონკურსზე მაქვს განაცხადი შეტანილი და არსად წასვლას არ ვაპირებ," – აღნიშნავს კეპულაძე.
მისი თქმით, მერიის ტრანსპორტის სამსახურს მძღოლების წინაშე არაირი იურიდიული ვალდებულება არ აქვთ და ეს გადამზიდი კომპანიების ვალდებულებაა, რომელთანაც მერიას ხელშეკრულება აქვს დადებული.
"თუკი გაფიცვას არ შეწყვეტენ, მიმართონ სასამართლოს. მძღოლების ჭკუაზე სიარულს არ ვაპირებ," – ამბობს კეპულაძე.
შეგახსენებთ, რომ ავტობუსების მძღოლები გასულ თვეშიც გაიფიცნენ ტრანსპორტზე ფასის გაზრდის მოთხოვნით. იმ დროისათვის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც მძღოლების მოთხოვნები 2 კვირაში უნდა შეესწავლა. თუმცა, ერთი თვის გასვლის შემდეგაც აღნიშნულმა კომისიამ კონკრეტული დასკვნების წარმოდგენა ვერ შეძლო.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა