|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა დაჯდა დიმიტრი კოპალიანის 99 დღიანი ქუთაისის მერობა – მერიას 140 ლარიანი დავალიანება აქვს

ქუთაისის უკვე ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა, 99 დღიან მერობაში 8000 ლარმადე სარგო მიიღო, ხელფასისა და პრემიის სახით.

ქუთაისის მერის ხელფასი 2750 ლარს შეადგენს. თუმცა, newpress.ge-ის მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დიმიტრი კოპალიანმა მერობის პირველ თვეს ( მიმდინარე წლის ივნისში)  არასრული ხელფასი – 1925 ლარი მიიღო.

ივლისში კი ხელფასის სახით ქუთაისის ყოფილ მერს მხოლოდ 620 ლარი ერგო. რადგან დიმიტრი კოპალიანი ივლისში უფასო, ორკვირიანი შვებულებით სარგებლობდა.

სამაგიეროდ, აგვისტოში ქუთაისის ყოფილ მერს ხელფასთან ერთად პრემიაც ერგო . აგვისტოს ხელფასმა 2483 ლარი შეადგინა, ხოლო პრემია ხელფასის სრული ოდენობით – 2750 ლარი მიიღო.

რაც შეეხება სექტემბერს, ოფიციალური დოკუმენტებით ირკევა, რომ ქუთაისის მერიას დიმიტრი კოპალიანის მიმართ 140 ლარიანი დავალიანება აქვს, რაც სექტემბრის 11 დღის ხელფასს შეადგენს. დოკუმენტების მიხედივთ, აღნიშნული 140 ლარი კოპალინს ჯერ არ დარიცხვია.

ჯამში, ხელფასისა და პრემიის სახით, კოპალიანის მიერ გამომუშავებულმა თანამდებობრივმა სარგომ 7918 ლარი შეადგინა.

დიმიტრი კოპალიანი, როგორც კონკურსის გზით შერჩეული კადრი,  ქუთაისის მერად მიმდინარე წლის 5 ივნისს დაამტკიცა საკრებულომ. ის თანამდებობაზე მხოლოდ 99 დღე იმყოფებოდა, აქედან, 36 დღე ამერიკაში შვებულებასა და მივლინებაში გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა, თანამდებობიდან გადაგომის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმდინარე წლის 11 სექტემბერს მიმართა. 

დიმიტრი კოპალიანი 22 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა  – 20 წელი ამერიკაში, ხოლო  2 წელი ინგლისში. კოპალიანის თქმით,  ქუთაისში ქალაქის სიყვარულმა ჩამოიყვანა.

დიმიტრი კოპალიანმა უელსის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მიჩიგანის ლოურენსის ტექნოლოგიური  უნივერსიტეტი დაამთავრა, ინფორმაციული სისტემების სპეციალობის  განხრით. მან ამავე უნივერისიტეტში  დაიცვა სადოქტორო ხარისხი. სხვადასხვა დროს კოპალიანი მუშაობდა კომპანია  QEK Global Solutions-ში პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერად, Hamilton Group Shervices-ში წამყვან დეველოპერად და ა.შ.

დიმიტრი კოპალიანი „ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქუთაისის რიგით მე-10 მერი გახლდათ. რევოლუციის შემდეგ ყველაზე ხანგრძილვად ქუთაისის მერის თანამდებობაზე გიორგი თევდორაძე იყო. მას მერის პოსტი 2 წელი და 9 თვე ეჭირა.

დაახლოებით, ამდენივე ხანი გასტანა მერის თანამდებობაზე თვედორაძის წინამორბედმა. ნუგზარ შამუგია ქალაქის მერი 2 წელი და 8 თვე იყო.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა