მიხეილ სააკაშვილი – ხვალ აპირებენ ქუთაისის, როგორც ქალაქის დაკვლას
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ აღმშენებლობის ეპოქა, ნგრევის ეპოქით შეცვალა. სააკაშვილის თქმით, ხვალ ხელისუფლება ქუთაისის, როგორც ქალაქის დაკვლას აპირებს. აღნიშნული განცხადებები სააკაშვილმა, დღეს ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სტუმრობისას გააკეთა.
"ვამაყობ ამ აეროპორტით და იმ ხალხით, ვინც ეს გააკეთა. ეს აეროპორტი დროზე მოვასწარით, ეს არის პროდუქტი აღმშენებლობის ეპოქის, რომელიც შეცვალა ნგრევის ეპოქამ. ხვალ აპირებენ ქუთაისის, როგორც ქალაქის დაკვლას. გააჩერეს ახალი თბილისის პროექტი, რომლითაც ამოისუნთქავდა დედაქალაქი, გააჩერეს სამეგრელოს მთავარი პროექტი – ლაზიკა, გააჩერეს ბათუმის და საქართველოს მთავარი პერსპექტივა – ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ახლა აპირებენ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ხვალინდელი კენჭისყრით, რაც ნიშნავს მცდელობას, რომ ჰაერში აფრენილი ქუთაისი იქედან ჩამოაგდონ ერთი გასროლით. მე ვფიქრობ, ეს არ გამოვა. ეს აეროპორტი არის სიმბოლო, რომ ქუთაისს აქვს მომავალი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის პროექტის ავტორები და არქიტექტორები დააჯილდოვა. გიორგი კარბელაშვილს და ჰოლანდიელ არქიტექტორს ფრანს ვანდურესს მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენები გადასცა, ხოლო პროექტში მონაწილე კიდევ 9 პირს ღირსების ორდენები გადაეცათ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა