ევროპა საქართველოსთვის ბუნებრივი ადგილია - აქცია ქუთაისში
„ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, "ევროპა ჩვენი სახლია“, „მე მიყვარს ევროპა", - ამ სლოგანებით გამოხატა ქუთაისელი საზოგადოების ერთმა ნაწილმა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ.
აღნიშნული აქცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა და მას მოსწავლეები, სტუდენტები, მედიისა და არასამთავრიბო ორგანიზაციების წარმომდგენლები შეუერთდნენ.
„ევროპა ნიშნავს გვქონდეს გაუყალბებელი არჩევნები, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა,მოვაგვაროთ შიდაპრობლემები და რაც მთავარია ხელისუფლება იყოს ორიენტირებული კონკრეტულ ადამიანზე, ადამიანი იყოს ფოკუსი და მამოძრავებელი ძალა როგორც ცენტრალური, ასევე თვითმმართველობების დონეზე“, - აღნიშნა საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ.
აქციის ორგანიზატორი ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრია..შესაბამისად აქციის მონაწილეთა დიდ ნაწილს სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენდნენ.მათი თქმით საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას ალტერნატივა არ გააჩნია.
"ევროპა საქარველოსთვის არის ბუნებრივი ადგილი. ევროპას არ განვიხილავთ როგორც რუსეთის ალტერნატივას. მართალია ის არის რუსეთის ალტერნატივა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ის იდეები და პრინციპები, რომელსაც ევროპა გვთავაზობს", - მიაჩნია მოსწავლე გიორგი ლოლაძეს.
ავტორი: ეკა კუხალაშილი