"ოცნებამ" "კარდაკარ" შემოვლა უკვე დაიწყო
კოალიცია "ქართული ოცნება" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდობლობას უცხადებს. ამიტომაც ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად ალტერნატიული პროგრამა "კარდაკარი" დაიწყო.
"ქართული ოცნება" ქუთაისში "კარდაკარის" ფარგლებში საველე სამუშაოებს დღეს შეუდგა. რადგან, ადგილობრივ შტაბში საარჩევნო უბნების გადანაწილება ამდრომდე მიმდინარეობს. "დღეს დამთავრდება საარჩევნო უბნების გადანაწილების პროცესი. ხვალიდან კი, უკვე ყველა გავა სიების გადასამოწმებლად", – ამბობს ქუთაისის ადგილობრივი "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ზაზა მეთაფლიშვილი. მისივე განმარტებით, ქალქში არსებულ 126 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაზე სულ 248 "ოცნების" აქტივისტი იზრუნებს.
"ჩვენ გადავამოწმებთ ე.წ. კაციტაძის საარჩევნო სიებს. ამის შემდეგ მოხდება ამ გადამოწმებული სიების დამუშავება, რის საფუძველზეც ამომრჩეველთა საერთო მონაცემები დაიდება", – ამბობს ზაზა მეთაფლიშვილი.
"ოცნების" აქტივისტები "კარდაკრის" საველე სამუშაოებზე გასვლისას არსებული ამომრჩეველთა სიებით იხელმძღვანელებენ. "ბუნებრივია, ამდროისთვის არსებული ამომრჩეველთა სიებით ვიმუშავებთ. თუმცა, ჩვენ აქტივისტებს ექნებათ საქაღალდეები, სადაც ჩაინიშნავენ მოსალოდნელ დარღვევას, ან უზუსტობას", – განმარტავენ ოფისში.
კოალიციამ "კარდაკარი" მიმდინარე წლის 24 ივნისიდან დაიწყო, რომელიც მხოლოდ ორი კვირა გაგრძლდება. როგორც "ოცნებაში" განმარტავენ, "კარდაკარი" ერთდროულად 63 ოლქში დაიწყო და მთელ საქართველოს მოიცავს. მათივე თქმით, ამ პროცესში კოალიციის 10 ათასამდე აქტივისტი არის ჩართული.
"კარდაკარის" მიზანი, ასევე მოსალოდნელი აქტივობის დადგენაა, ანუ სავარაუდოდ, რამდენი ადამიანი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. „კარდაკარით“ გავზომავთ განწყობასაც. ასევე შევამოწმებთ დუბლირებულ მისამართებს, რადგან საქართველოში ქუჩებისთვის სახელწოდებების შეცვლა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს", - განაცხადა "ქართული ოცნების" ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
როგორც "ოცნების" ქუთაისის შტაბში განმარტავენ, "კარდაკარის" საველე სამუშაოებზე დასაქმებული აქტივისტები ხელფასს საარჩევნო უბნის სიდიდის მიხედვით მიიღებენ. "ვისაც შეხვდება 400 ამომრჩევლიანი საარჩევნო უბანი, ის 80 ლარს მიიღებს. ზოგადად კი, მათი ხელფასი 80 ლარიდან 130 ლარამდეა", – აღნიშნავენ ადგილობრივ შტაბში. თუმცა, დაფინანსების წყაროზე საუბარს ერიდებიან. "ფინანსური საკითხები ჩვენ არ გვეხება", – ამბობს ზაზა მეთაფლიშვილი. თავად, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კი აცხადებს, რომ "კარდაკარის" დაფინანსება კოლაციაში შესული ფინანსური შემოწირულობებით მოხდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამომრჩეველთა სიების გადამოწმება 10 ივნისს დამთავრდა. ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე წინასაარჩევნოდ, სპეციალურად შექმნილი დროებითი კომისია "სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია, პროგრამა "კარდაკარის" ფარგლებში უზრუნველყოფდა.
"კარდაკარის" ფარგლებში საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 24 აპრილს დაიწყო. აღნიშნული კომისია "კარდაკარით" გადამოწმებულ საარჩევნო სიების მონაცემებს აგვისტოში გამოაქვეყნებს. საარჩევნო სიებში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა არჩევნებამდე ორ კვირით ადრე იწურება.
ავტორი: თეკლა მორგოშია