ემზადება თუ არა ლევან ფხაკაძე სამტრედიაში მაჟორიტარობისათვის?
სს საზოგადოება "ვისოლ ჯგუფის" ვიცე–პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე საპარლამენტო არჩევნებში სამტრედიის მაჟორიტარ დეპუტატად მოიაზრება. სამტრედიის რეგიონში ფხაკაძის წინასაარჩევნო გააქტიურებაზე თავად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც საუბრობენ. მათი განმარტებით, "ვისოლ ჯგუფს" ბიზნესი სამტრედიაში 2007 წლიდან აქვს. თუმცა, "ამდრომდე არასოდეს გვსმენია თავად ლევან ფხაკაძეზე. რადგან, ფართო საზოგადოებაში აქამდე არასოდეს გამოჩენილა. ჭორის დონეზე ვიცით, რომ ეგ უნდა იყოს საარჩევნოდ კანდიდატი", – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი ნათელა კუტალაძე.
თავად "ვისოლ–ჯგუფის" ვიცე პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილობას უარყოფს. ფხაკაძემ ამის შესახებ განცხადება რამდენიმე საათის წინ გააკეთა. "გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქ. სამტრედიაში ადგილი ჰქონდა ჩემს მიერ ამომრჩევლების “მოსყიდვის” ფაქტებს. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად, არ ვიყრი კენჭს არც სამტრედიის რაიონში და არც ნებისმიერ სხვა ადგილას", – განაცხადა ლევან ფხაკაძემ.
„ვისოლ ჯგუფის“ ვიცე პრეზიდენტის სამტრედიაში გააქტიურებაში საარჩევნო პროცესებთან კავშირს ადგილობრივ თვითმმართველობასიც გამორიცხავენ. "ვისოლი ყოველთვის იყო ჩვენი ქალაქის მეგობარი. ამიტომაც მათ მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში საეჭვო არაფერია. თუმცა, წინ არის არჩევნები, რომელსაც თავსებური ხმაური და ჭორი ახლავს. მაგრამ ის, რომ ლევან ფხაკაძე იყოს სამტრედიაში მაჟორიტარობის კანდიდატი, სიმართლეს მოკლებულია. მაჟორიტარების წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება. ისე მინდა გითხრათ, რომ ამდროისთვის მოქმედი მაჟორიტარი მე ვარ და თავს კარგად ვგრძნობ", – განგვიმარტა სამტრედიაში "ნაციონალების" შტაბის ხელმძღვანელმა ავთანდილ სტურუამ, რომელიც ამავე დროს სამტრედიის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია.
აღსანიშნავია, რომ "ვისოლ ჯგუფი" იმერეთის რეგიონში და განსაკუთრებით სამტრედიაში, ინტენსიურად ახორციელებს სოციალურ ინვესტიციას და ეწევა ქველმოქმედებას. სამტრედიის რეგიონში ამდროისთვის "ვისოლ ჯგუფი" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციას ეწევა და ნიკო ნიკოლაძის სახლ–მუზეუმის რეაბილიტაციაზეც ზრუნავს. გარდა ამისა, სამტრედიაში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოსახლეობას უფასო დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. ასევე, მიმდინარე წლის 9 მაისს სამტრედიაში მცხოვრებ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ომის ვეტერანებს 50– ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერებიც გადასცა, ხოლო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება „მგზავრების“ კონცერტით მიულოცა.
ავტორი: თეკლა მორგოშია