მერიის ჩინოვნიკები ბიუჯეტის ფულით ერთობიან?!
საკუთარი გართობის მიზნით ქალაქის ბიუჯეტის რესურსის გამოყენება – ამგვარ ბრალდებას ქუთაისის მერიას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები უყენებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, 23 ივნისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე „ვარციხე ვილაში“ დიჯეების კონკურსი ჩატარდა, რომლის ორგანიზატორსა და ფინანსურ მხარდამჭერს ქალაქის მერია წარმოადგენდა.
გოგი წულაიას ინფორმაციით, დიჯეების კონკურსში, რომელიც მერიის ჩინოვნიკების გართობას ემსახურებოდა, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ხოლო საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ქალაქის მერიც ესწრებოდა.
„ჩემთვის ცნობილია, რომ აღნიშნული საღამოს დაფინანსების მიზნით, ქალაქის ბიუჯეტიდან სერიოზული თანხა გადაირიცხა. ჩვენ მერიას წერილით მივმართეთ და დახარჯული თანხის რაოდენობას ვითხოვთ. მაგათ გართობაზე იხარჯება ფული, როდესაც ქალაქში უამრავი სოციალურად დაუცველი და უმუშევარია. ამ ადამიანებმა მერიას დახმარებისთვის რომ მიმართონ, უარს ეტყვიან იმ მოტივით, რომ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ გააჩნიათ. მაგრამ, როდესაც მათ გართობას ეხება საქმე, ფულს არ იშურებენ. სწორედ ამას ვაპროტესტებთ,“ – ამბობს გოგი წულაია.
Newpress-ი აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის უფროსს, თემურ ცამციშვილს დაუკავშირდა. ცამციშვილს განცხადებით, მერიას აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ის ტერიტორია კერძო საკუთრებაა და კერძო პირმა გამართა საღამო. არც მერიის კულტურის სამსახურს და არც ადგილობრივ თვითმმართველობას ეს ღონისძიება არ დაუფინანსებია. ვერც ვერავინ დაადასტურებს ამას. ჩვენ იქ არ ვყოფილვართ. რომც ვყოფილიყავით, დასამალი რა არის?,“ – ამბობს თემურ ცამციშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე