„ერთად წამების წინააღმდეგ“
„ერთად წამების წინააღმდეგ“ - ასეთია იმ აქციის სლოგანი,
რომელიც დღეს, ქუთაისში, წამების მსხვერპლთა დაცვის საერთშორისო დღეს მიეძღვნა. აქცია ცენტრალურ ბაღში, წამების მსხვერპლთა ფისოქოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის
(GCRT) ქუთაისის
ფილიალის ინიციატივით მოეწყო.
აქციის მსვლელობისას მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ,
როგორც წამების ფაქტის შესახებ, ასევე, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლება
მსგავსი ქმედების გამართლება. გარდა ამისა,
აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს ტკბილეულთან
ერთად, მესიჯების სახით, გადასცეს ამონარიდები წამების წინააღმდეგ მიმართული კონვენციიდან.
როგორც აქციის ორგანიზატორი ანა ჩაფიძე განმარტავს,
აღნიშნული ჟესტი ტკბილი მოპყრობის გამოხატულებაა.
„ეს აქცია მიმდინარეობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ამ ქვეყნების რიცხვს უერთდება საქართველოც. დღევანდელი აქციით ჩვენ გამოვხატავთ მხარდაჭერას
წამების მსხვერპლთა მიმართ. დღეს ასევე, 25 წელი შესრულდა გაეროს იმ კონვენციის ამოქმედებიდან,
რომელიც წამების წინააღმდეგ არის მიმართული,“ - ამბობს GCRT -ის
ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ანა ჩაფიძე.
წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღედ 26 ივნისი
გაერომ 1997 წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე