|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის ვადამ 2014 წლამდე გადაიწია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ანგარიში წარადგინა დღეს ქუთაისში სახალხო დამცველის აპარატმა. შეხვედრაზე დევნილთა განსახლების პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებზე, კანონში შეტანილ ცვლილებებზე, დევნილთა სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებზე და ამ სფეროში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების თქმით, 2011 წლის ბოლოს კანონში ცვლილება იქნა შეტანილი, რომლის თანახმადაც, დევნილის სტატუსის ცნება დავიწროვდა და დევნილობა ტერიტორიების ოკუპაციას დაუკავშირდა. კანონიდან ამოიღეს ერთჯერადი ფულადი შემწეობებიც. 2012 წლის 13 ივნისს კი, განახლებული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის ვადამ 2014 წლამდე გადაიწია.

შეხვედრას ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებმაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, დევნილთა პრობლემებზე იმსჯელეს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა, თუ რა პირობებში ხორციელდება განსახლების პროცესი. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ ჩართულნი და ინფორმირებულნი, რათა შეძლებისდაგვარად ეს პროცესი სწორად წარიმართოს და დროულად დასრულდეს,“ – აღნიშნა ,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წარმომადგენელმა ნუგზარ კოხრეიძემ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე