|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანტინარკოტიკული აქცია ველომრბოლელების მონაწილეობით

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქუთაისში ველომარათონი გაიმართა. სპორტულ ასპარეზობაში 30 ველომრბოლელი – სტუდენტები, არასრულწლოვნები, პრობაციონერები და ქუთაისის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მსვლელობა აღმაშენებლის მოედნიდან დაიწყო და იუსტიციის სახლში დასრულდა. ღონისძიების მონაწილეებისთვის ასპარეზობის დასრულების შემდეგ, ანტინარკოტიკულ თემაზე შექმნილი ფილმის ჩვენება და განხილვა მოეწყო.   

,,საქართველოს პროკურატურა კვლავ აგრძელებს ანტინარკოტიკულ კამპანიას. აქცია ჯანსაღი ცხოვრების წესს და მის პროპაგანდას ემსახურება. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩართულები არიან ამ პროცესში“  – აღნიშნა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე გიორგი გვარაკიძემ.

,,ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები ვართ. ეს არის ანტინარკოტიკული აქცია. მოვუწოდებთ ყველას, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით. შეიყვარონ ველოსიპედები, ივარჯიშონ და დაკავდნენ სპორტით“ – ამბობს ველოკლუბის წარმომადგენელი დავით სულაქველიძე.

2011 წელს ჩატარებული ნარკოტიკული დანაშაულის კვლევის თანახმად, ამ ტიპის დანაშაულის რაოდენობა გასულ წელს 32% – ით შემცირდა. შავ ბაზარზე იკლო ე.წ. ,,მძიმე ნარკოტიკული საშუალებების“ უკანონო ბრუნვამაც. მიუხედავად ამისა, სოციოლოგიური კვლევისას გამოკითხულთა 33% ნარკომანიას საზოგადოების ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს.

აღნიშნულის ფონზე, პროკურატურის ინიციატივით, დაწყებულია სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა ბაზალეთში. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი შენობა 50 ადამიანს მოემსახურება.

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 26 ივნისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1987 წლიდან აღინიშნება. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე