„მმართველობაში“ გაბნეული უმისამართო თანხები
სპორტული
მოედნები, ღვარსადენების მოწყობა-რეაბილიტაცია, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი კეთილმოწყობითი
სამუშაოები, მმართველობა და კულტურის ღონისძიებები -
ეს იმ პროგრამების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც დაფინანსება გაეზარდათ. ზრდის მაჩვენებელი კი
მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებს.
მიმდინარე წლის ქუთაისის ბიუჯეტით გათვალისწინებული
რიგი პროგრამებისთვის თანხების ზრდის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ 27
ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო. ცვლილებების შედეგად, მარტივი ტიპის სპორტული მოედნების
მოწყობა–რეაბილიტაციის პროგრამას 99 900 ლარი დაემატა. როგორც ცნობილია, ჯამში
ქალაქში 40-მდე მოედანი მოეწყობა. 700 000 ლარით გაიზარდა ღვარსადენების
ექსპლუატაციისა და მოწყობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ქალაქის ძველ
უბნებში არხებისა და ბუნებრივი სასულეების გაწმენდის, ასევე ნიაღვარმიმღები ჭების
შეკეთება უნდა განხორციელდეს. 50 000 ლარი დაემატა სხვადასხვა გაუთვალისწინებელი
კეთილმოწყობითი სამუშაოების პროგრამას, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის
მიერ სტიქიური მოვლენების დროულად აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს. ბიუჯეტში შეტანილი
ცვლილებების შედეგად, 8 000 ლარით გაიზარდა კულტურის ღონისძიებების პროგრამა.
ქუთაისის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების
პროექტში აღნიშნული პროგრამების გარდა, ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ახსნა-განმარტების
გარეშე დარჩა,მმართველობა აღმოჩნდა. მისი
ბიუჯეტისათვის კი 399 500 ლარია გათვალისწინებული. ცვლილებების პროექტისათვის
მხარდაჭერის მიუხედავად, საკრებულოს
დეპუტატები ე.წ მმართველობაში გაბნეულ თანხებთან დაკავშირებით ინფორმირებულები არ
არიან. საკრებულოს წევრის,
„ქრისტიან-დემოკრატ“ გოგიტა გოგელაშვილის
თქმით, ბიუროს სხდომას ფრაქცია
„ქრისტიან-დემოკრატების“ წევრები არ
ესწრებოდნენ. შესაბამისად, რა მიმართულებით
მიდის ეს პროგრამა და რაში უნდა დიხარჯოს მისთვის გათვალისწინებული თანხები, უცნობია.
„დღის წესრიგში აღნიშნული საკითხი ძალიან მშრალად
იყო შემოტანილი. ცალკე რომ ყოფილიყო, მის მიმართ დამატებითი კითხვები გაჩნდებოდა,“
- ამბობს გოგიტა გოგელაშვილი.
საკითხის გარკვევის მიზნით, ქალაქის მერიის
საფინანსო სამსახურის უფროსს თემურ ცაგარეიშვილს დავუკავშირდით, რომელიც
პრესსამსახურის ნებართვის გარეშე კომენტარს არ აკეთებს. ამ უკანასკნელმა კი საკრებულოს
აპარატთან გადაგვამისამართა.
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლის მერაბ მეშველიანის
თქმით, მმართველობისათვის გათვალისწინებული თანხა, შესაძლოა, მართვის ახალი ტერიტირიული ორგანოებისათვის
პირობების შექმნის მიზნით, ავეჯის შეძენას მოხმარდეს.
დღეს ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით ჯამში
პროექტებისთვის გამოპოფილმა თანხამ 1 669 900 ლარი შეადგინა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე