ეროვნული გამოცდები ნერვიულობის ფონზე
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები
2012 დაიწყო. ამ წუთებში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის
ტესტს წერენ, რომლის დრო ნახევარ საათში იწურება.
ქუთაისში ორი საგამოცდო ცენტრია გახსნლი. მათგან პირველი #41 საჯარო სკოლაშია, რომელიც
32 სექტორს მოიცავს. ხოლო მეორე ცენტრი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტშია
განთავსებული, სადაც 61 სექტორია.
გამოცდებზე შემსვლელი აბიტურიენტების რეგისტრაცია საგამოცდო
ცენტრებში 08:00 საათზე დაიწყო, ხოლო უშუალოდ გამოცდის პროცესი 09:00 საათიდან მიმდინარეობს.
საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში ზეინაბ ხაჩიძე განმარტავს, რომ რეგისტრაცია მშვიდ ვითარებაში
მიმდინარეობდა.
„800–მდე აბიტურიენტია შემოსული. განწყობა არის ძალიან
კარგი,“ – ამბობს ზეინაბ ხაჩიძე.
აბიტურიენტების განცხადებით, გამოცდების პროცესს ყოველთვის ახლავს ნერვიულობა,
თუმცა იმედი აქვთ, რომ ტესტის წერის პროცესში ამ დაბრკოლებას გაუმკლავდებიან.
„ძალიან მინდა სტუდენტი გავხდე. ვნერვიულობ, რადგან
არ ვიცი რა და როგორ იქნება. იმედი მაქვს, სამუშაოდ რომ დავჯდები, ნერვიულობას დავივიწყებ
და მხოლოდ ტესტის კარგად გაკეთებაზე ვიფიქრებ,“ – ამბობს აბიტურიენტი მარეხი ჭულუხაძე.
ეროვნული გამოცდებისათვის ქვეყნის მასშტაბით 17 საგამოცდო
ცენტრი გაიხსნა. გამოცდების პროცესს 1 300–მდე
კურატორი დააკვირდება. ხოლო სტუდენტის სტატუსის
მოპოვებას 35 000–ზე მეტი აბიტურიენტი შეეცდება.
გამოცდები 19 ივლისს, ქიმიის საგანში ტესტირებით დასრულდება.
ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდება. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე