გიორგი თარგამაძემ ქუთაისელ სტუდენტებს განათლების დაფინანსების ახალი პროექტი გააცნო
უმაღლესი განათლების დაფინანსების
ახალი პროექტი წარადგინა „ქრისტიან - დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ქუთაისში, დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში. პროექტის მიხედვით,
სტუდენტებისთვის სწავლა უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ქდმ- ს მიერ შემუშავებული
პროექტი პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ქუთაისელ სტუდენტებს პირადად გააცნო.
პროექტის მიხედვით, საატესტატო
გამოცდდების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში, ყველა სტუდენტის დაფინანსება
50%-ით უნდა განისაზღვროს. შეღავათები უნდა გაეწიოს სტუდენტთა ოჯახებს. სტუდენტს უნდა
ჰქონდეს დამატებითი 25% და 50%-იანი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა, როგორც საატესტატო,
ასევე, ზოგადი უნარების გამოცდების შედეგებით. ბიუჯეტში კი, შესაბამისი თანხების გათვალისწინება
და გრანტების დაფინანსების 3 - ჯერ გაზრდა
უნდა მოხდეს.
„კარგია, რომ ეროვნულ გამოცდებში
აღმოიფხვრა კორუფცია, მაგრამ მთავარი ამოცანა ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების
მიღებაა. ეს განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამ კუთხით ქვეყანაში უზარმაზარი პრობლემაა.
დღეს დაიწყო გამოცდები, ათასობით აბიტურიენტი გახდება სტუდენტი, მაგრამ ათიათასობით
სტუდენტი ვერ გააგრძელებს სწავლას იმის გამო, რომ ისინი ღარიბი ოჯახებიდან არიან. ეს
პროგრამა ითვალისწინებს სწორედ იმ ბაზისის შექმნას, რომ სტუდენტები სიღარიბის გამო
არ დარჩნენ სწავლის გარეშე“ - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა. სტუდენტებმა განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და შეღავათების არარსებობაზე
ისაუბრეს.
,,ძალიან საინტერესო პრეზენტაცია
იყო ჩემთვის, რადგან ვისაუბრეთ სტუდენტებისთვის პრობლემურ თემებზე. ჩვენთვის, სტუდენტებისთვის
ყველაზე აქტუალური პრობლემა დაფინანსებაა. გვაქვს მგზავრობის პრობლემაც, რადგან ქუთაისში
არ არის შეღავათები, არც სტუდენტებისთვის და არც მათი ოჯახებისთვის“ - აღნიშნა სტუდენტმა
ცოტნე შავგულიძემ.
ქდმ - ს მიერ შემუშავებული
პროექტის პარლამენტში წარდგენა ჯერ არ მომხდარა. პარტიის წარმომადგენლები საქართველოს
სხვადასხვა რეგიონებში სტუდენტებს აღნიშნულ პროგრამას აცნობენ.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე