|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში გაზიფიცირებისთვის განვადება ამოქმედდება

საქართველოს მოსახლეობას 1 ივლისიდან გაზიფიცირებულ ქსელზე განვადებით მიერთება  შეეძლება.

ახალი ინიციატივა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას ეკუთვნის. გაზიფიცირებულ ქსელზე მოსახლეობის მიერთების ახალი წესი სემეკმა 2012 წლის 28 ივნისის #5 დადგენილების თანახმად შეიმუშავა. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, მომხმარებელს, რომელიც ქსელზე მიერთების სურვილს გამოთქვამს, შესაძლებლობა ექნება მიერთებისათვის საჭირო თანხა 24 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 25 ლარის გადახდით დაფაროს. გაზიფიცირების საერთო ღირებულება 600 ლარს შეადგენს.

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელმა კომპანიამ, ახალი მომხმარებლის მიერთება გაზიფიცირებულ ქსელზე განცხადების დაწერიდან 15 სამუშაო დღეში უნდა უზრუნველყოს.

ასევე, გაზის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია, განახორციელოს მომხმარებლის ქსელზე მიერთებისათვის საჭირო ყველა სამუშაო და ხარჯი.

როგორც სემეკში განმარტავენ, აღნიშნული წესის შემოღება კიდევ უფრო გაამარტივებს მოსახლეობაში გაზის მიწოდების კუთხით არსებულ პრობლემებს. ,,გაზის მიწოდების ახალი ინიციატივა შესაძლობლობას აძლევს ყველა ადამიანს ხელმისაწვდომი იყოს მისთვის ბუნებრივი გაზი. შემიძლია ვთქვა, რომ მაქსიმუმ 2 წელიწადში მარტივად და იაფად საქართველოს ქალაქებში, სოფლებში და რეგიონებში, ყველას ექნება გაზი“,– ამბობს საქართელოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომპანიის ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი. მისივე თქმით, მოსახლეობას უფლება ექნება გაზიფიცირების ხარჯთაღრიცხვა მოითხოვოს. მომხმარებლის მიერ თანხის გადამეტების შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა არ დაიკარგება და ის განვადებით გადასახდელ ყოველთვიურ 25 ლარზე გადანაწილდება.

ავტორი: ანა ჯანაშია