|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათელ დევნილებს ახალი ფართები საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შესთავაზეს

ბაღდათში, კომპაქტურ ცენტრებსა და კერძო ოჯახებში მცხოვრებ დევნილებს ახალ საცხოვრებელ ფართებს საავადმყოფოს ყოფილ შენობაში სთვაზობენ. დევნილების  მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, საავადმყოფოს ყოფილი შენობის რეკონსტურქცია დაიწყება, რომელიც 150–მდე დევნილ ოჯახზე იქნება გათვლილი.

ბაღდათში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ კოხოძე  შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგნელებმა დევნილებს ახალ შეთავაზებაზე მოსაფიქრებლად 10–დღიანი ვადა მისცეს.

„ბაღდათში ძალიან რთულ და გაუსაზლის პირობებში ცხოვრობს დევნილი ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენ ავიღეთ საავადმყოფოს შენობა და შევთავაზეთ დევნილებს ამ შენობის გარემონტების შემთხვევაში აქ გადმოსვლა. 10 დღის ვადაში მოიფიქრებენ, დარჩებიან ძველ ადგილებში თუ გადმოვლენ აქ. როგორც უკვე გაირკვა, ნაწილი დარჩენას აპირებს, ნაწილი – გადმოსვლას. ბაღდათში, ნათესავებთან მცხოვრები დევნილების კატეგორიაც მიიღებს გადაწყვეტილებას აქ შემოსახლდნენ. ეს არის მათი სურვილი, რომელსაც გავითვალისწინებთ, დოკუმენტის სახეს მივცემთ, რომელსაც ექნება ხელმოწერა. შემდეგ დავიწყებთ რემონტს, რომელსაც დასჭირდება 7–თვიდან 1–წლამდე“ - აღნიშნა კობა სუბელიანმა.

48 ოჯახი აფხაზეთის ომის შემდეგ ბაღდათის რაიონის 11 სხვადასხვა კომპაქტურ ობიექტში ცხოვრობს. დევნილების თქმით, წლების მანძილზე ამ შენობებში ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. შენობების ნაწილი ავარიულია.

„გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. გვიხარია, რომ ფართებს გამოგვიყოფენ, გაგვირემონტებენ, დაგვიკანონდება და გაგვიფორმდება. საკუთარი ჭერი გვექნება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - ამბობს დევნილი დოდო ჩაბინავა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, რეაბილიტაციის შედეგად 150-მდე  დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი პირობებით და აღნიშნული ფართები მათ საკუთრებაში გადაეცემათ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა