|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი შესაძლოა გაუქმდეს

ქუთაისის მერიაში ერთ–ერთი ვიცე–მერის თანამდებობა ამდროისთვის ვაკანტურია. აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც მერის მოადგილემ, დავით ანდღულაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ირწმუნებიან, რომ ანდღულაძემ ვიცე–მერობაზე უარი თავად თქვა. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე განმარტავს, რომ  დავით ანდღულაძემ დაკავებული თანამდებობა ერთი თვის წინ,  პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.  თავად, ანდღულაძე განცხადების დაწერის  მიზეზად  ოჯახის შექმნას ასახელებს.

"დავოჯახდი და ამიტომ  შეუძლებელი იყო თბილისიდან ქუთაისში სიარული. ამდროისთვის არსად არ ვმუშაობ. ვისვენებ", – აღნიშნა newpress–სთან სატელეფონო საუბრისას უკვე ყოფილმა ვიცე–მერმა დავით ანდღულაძემ.

დავით ანდრულაძე ქუთაისის მერიაში თბილისიდან მოვლინებული კადრი იყო. ის  ვიცე–მერის პოსტზე 2010 წელს დაინიშნა, იმ პერიოდში, როდესაც იმერეთის გუნებრატორის თანამდებობა ლაშა მაქაცარიამ დაიკავა. იმავე პერიოდში, ქუთაისის მერიაში მეორე ვიცე–მერის პოსტიც გაჩნდა, რომელიც ნიკო კაჭკაჭიშვილს ერგო. მოგვიანებით კი, 2011 წლის ივნისში, ქუთაისის მერიაში კიდევ ერთი ვიცე–მერის პოსტი დაამატეს, რომელზედაც ირაკლი ჯიქია დაინიშნა. ეს უკანასკნელი კი იმერეთის გუბერნატორის კადრად მოიაზრება. ჯიქიას ვიცე–მერად დანიშვნამ, ფინანსური საკითხების მართვა მის დაქვემდებარებაში მოაქცია, რამაც თავის მხრივ დავით ანდღულაძის უფლებამოსილება დაასუსტა, რაც მისი თანამდებობიდან წასვლით დასრულდა.    

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ერთ–ერთი ვიცე–მერის ვაკანტურ თანამდებობას. თავდაპირველად, აღნიშნულ  პოსტზე ქუთაისის მერიის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვასილ მებურიშვილი მოიაზრებოდა. თუმცა,  newpress–ის ინფორმაციით, გამოთავისუფლებული პოსტი შესაძლოა გაუქმდეს, უფლებამოსილებას კი ირაკლი ჯიქია შეითავსებს.

მერიაში ამ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. ამ ეტაპზე  კი ორივე ვიცე–მერის  მოვალეობებს მერის მოადგილე – ირაკლი ჯიქია ასრულებს.

"ბატონი ჯიქია უპრობლემოდ ასრულებს თავის მოვალეობებს. თუ ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოსტს ან გაუქმდება თუ არა ეს თანამდებობა,  ამას მომავალში განსახორციელებლი პროექტები გვიჩვენებს", – აღნიშნავს  თოფურიძე. რაც შეეხება, ვაკანტურ თანამდებობაზე მებურიშვილის შესაძლო დანიშვნას ამბობს:"არ ვიცი, ამის შესახებ არ გამიგია", – ირწმუნება  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

ქუთაისის მერის მოადგილის პოსტს ირაკლი ჯიქიას გარდა,  ამდროისთვის კიდევ ერთი მოადგილე – ნიკო კაჭკაჭიშვილი ინარჩუნებს.   

ავტორი: თეკლა მორგოშია