|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანგარიშწორება „გლობალ ტვ“–ის ანტენების გამო?!

ქუთაისში, სადგურ „რიონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ზარალის კომპენსაციას ითხოვენ. დაახლოებით სამი კვირის წინ,  მაღალი ძაბვის ელექტოენერგიამ მოსახლეობას სატელიტური თეფშები და ელექტროტექნიკა დაუზიანა. მოქალაქეები ფაქტს მიმდინარე  პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ და ენერგოკომპანიისაგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ. არ არის გამორიცხული საქმემ სასამართლოში გადაინაცვლოს.

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მე–7 და მე–9 შესახვევში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ტექნიკის დაზიანების ფაქტი მათ მიერ „გლობალ ტვ“–ის სატელიტური ანტენების დაყენებამ გამოიწვია. მოსახლეობამ თეფშები დაახლოებით ერთი თვის წინ დაამონტაჟა, თუმცა ახლა აღარც ანტენები და არც ელექტროტექნიკა უვარგათ.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მუხნარის ტერიტორიულ ორგანოში, (რომელსაც ახალგაზრდობის გამზირი ეკუთვნის) მათ მიერ „გლობალ ტვ“–ის სატელიტური ანტენების დაყენების წინააღმდეგი  იყვნენ. დაზარალებულების განცხადებით,  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მოქალქეებს აფრთხილებდნენ,  რომ დაუმოჩილებლობის  შემთხვევაში სატელიტურ თეფშებს  დაუზიანებდნენ.

„ანტენებთან ერთად მოსახლეობას კომპიუტერები, ტელევიზორები და მაცივრები დაეწვა. მეორე პრობლემა ის არის, რომ დაზიანებულ თეფშებს ხელოსნები აღარ აკეთებენ. მე „კარდაკარის“ ალტერნატიულ პროგრამაში ვარ ჩართული და მოსახლეობასთან სახლში რომ მივდივარ, ისინი მიყვებიან, რომ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მათ აფრთხილებდნენ თუ ანტენებს დაიდგამდნენ, ვინც სოციალურად დაუცველია, დახმარებას მოუხსნიდნენ, ხოლო ვინც მუშაობს, სამსახურს დაკარგავდა. ხალხი ისეა დაშინებული, დღეს დაზარალებული მოსახლეობის დიდი ნაწილი არ გამოვიდა,“ – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ფერიდე გაბრავა.

 ელექტროენერგიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება პოლიტიკურმა კოალიცია  „ქართულმა ოცნებამ“ დღეს შესთავაზა. კოალიციის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში, ისინი სარჩელით სასამართლოს მიმართავენ და „ენერგო პრო–ჯორჯიას“  მოსახლეობისათვის ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.

მომხდართან დაკავშირებით მოსახლეობამ განცხადებით მუხნარის ტერიტორიულ ორგანოსაც მიმართა. როგორც ერთ–ერთი დაზარალებული ზაურ ფხაკაძე ამბობს, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დაახლოებით 94 განცხადება შევიდა.

„დაგვპირდნენ დაგეხმარებითო, მაგრამ ვინ დაგვეხმარება. ეგ ალბათ ხალხის გაჩერების მიზნით თქვეს,“ – ამბობენ დაზარალებულები.

მუხნარის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ვიოლა ერისთავის თქმით, ტერიტორიული ორგანო მოსახლეობის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მხრიდან  ხალხის დაშინების მცდელობას კი  ვიოლა ერისთავი კატეგორიულად უარყოფს

 „ჩვენ დაახლოებით 50–მდე ოჯახმა მოგვმართა განცხადებით.  ამ ეტაპზე მზადდება თხოვნის წერილი რომ ენერგოკომპანიამ მოსახლეობას ზარალი აუნაზღაუროს. თუ ამას ვერ მივაღწევთ, მაშინ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს. რაც შეეხება მოსახლეობის დაშინებას, ჩემი სამსახური მსგავსს რაღაცებში არ ერევა,“ – ამბობს ვიოლა ერისთავი. მისივე თქმით, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია: „დაზიანებული ტექნიკა თითქმის ყველა ოჯახში აღწერილია. თუ ჩვენ სასამართლოს მივმართავთ, თვითონ ენერგოკომპანია მოითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას. ზარალის ოდენობასაც ექსპერტიზა დაადგენს, რადგან თანხის ანაზღაურებაზეა საუბარი“.

ენერგოკომპანიაში დაზარალებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მათ საკითხთან დაკავშირებით კომპანიას ჯერ არ მიუღია.

„მოსახლეობამ განცხადებით ორი კვირის წინ მოგვმართა. მათ განცხადებაში  აღნიშნული იყო, რომ დენის მოვარდნის გამო მათ დაუზიანდათ ელექტროტექნიკა. აღნიშნული საკითხის განხილვა ჯერ კომპანიას დასრულებული არ აქვს, შესაბამისად, წინასწარ უცნობია რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება. მოსახლეობას ცხადია სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს და კომპანიაც სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს“– ამბობს „ენერგო პრო–ჯორჯიას“ ქუთაისის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეონა გეგუჩაძე.

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლის ნატო ქათამაძის განცხადებით, თუ დაზარალებული მოსახლეობა უკან არ დაიხევს, ისინი მომავალ კვირაში სასამართლოს მიმართავენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე