|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახლებმა“ იმერეთში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს

ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, თერჯოლა, წყალტუბო, ხონი - ეს ის რაიონებია, სადაც „ახალმა მემარჯვენეებმა“  მაჟორიტარობის კანდიდატები დასახელეს. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ  დღეს პარტიის ქუთაისი ოფისში წარადგინა.

ქუთაისში „ახლების“  ქვოტით  საქართველოს პარლამენტში  მოსახვედრად  მამუკა მღვდელაძე იბრძოლებს. მღვდელაძე პარტიის დაარსების დღიდან, 11 წლის განმავლობაში  „ახლების“ რიგებში ირცხება.ის ამავდროულად „მემარჯვენეების“  ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ქალაქის საკრებულოს 2010 წლის მოწვევის დეპუტატია. პარტიის ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით მღვდელაძე ყველაფერს გაკეთებს იმისათვის, რომ  თითოეული ქუთაისელის ოჯახში მივიდეს და აუხსნას მათ, რატომ უნდა გააკეთონ არჩევანი „ახალ მემარჯვენეებზე“.

„დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემთხვევაში მამუკა მღვდელაძე ისე არ მოასვენებს საქართველოს პარლამენტს ქუთაისის პრობლემებით, როგორც დღეს ქალაქის საკრებულოს არ აძლევს მოსვენებას,“ - აღნიშნა დავით გამყრელიძემ მღვდელაძის წარდგენისას.

მღვდელაძე ქალაქისათვის მთავარ პრობლემად ფინანსების არასწორად განკარგვას ასახელებს. მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტი არა პრობლემურ საკითხებზე, არამედ პიარ ღონისძიებებზე იხარჯება.

„გამარჯვების შანსები ძნელი შესაფასებელია. ვიცი, რომ უნდა ვიბრძოლო. არაერთი ბრძოლა გადამიტანია, მაგრამ არ ვნებდები.  იმის ილუზია არ მაქვს, რომ გამარჯვების ძალაინ დიდი შანსები მაქვს,  მაგრამ მაქსიამალურად ვიბრძოლებ და არავის სასარგებლოდ არ მოვხსნი ჩემს კანდიდატურას,“- ამბობს მამუკა მღვდელაძე.

რაც შეეხება „ახლების“  სხვა კანდიდატებს, ზესტაფონში მაჟორიტარობისათვის ადგილობრივი მკვიდრი კახა შავგულიძე იბრძოლებს. შავგულიძე ზესტაფონის საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარეა.  „ჩვენ ვიცით რა, როგორ და ვისთვის ვაკეთოთ,“ - ამბობს შავგულიძე.

სამტრედიის მაჟორიტარი „ახლების“ქვოტით ლევან ბუაძეა, რომელიც ასევე, სამტრედიელია. დავით გამყრელიძემ ბუაძე, როგორც ინტელექტუალი პიროვნება ისე დაახასიათა და აღნიშნა, რომ სამტრედიაში დაძაბული ბრძოლა ელით.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში თერჯოლელთა ინტერესებს ამირან სოფრომაძე დაიცავს.  „მე თერჯოლაში ვარ დაბადებული და გაზრდილი. კარფად ვიცი რაიონის პრობლემები. დღეს ყველაზე მეტად გლეხსა და სოფლის მეურნეობას უჭირს, ამიტომ, მათ უნდა დავეხმაროთ,“ - ამბობს სოფრომაძე.

ხონის რაიონში „ახლებმა“ ილია ყუფარაძე წარადგინეს. ყუფარაძე პარტიის დაარსების დღიდან მისი წევრი და ასევე, პარტიის ხონის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

რაც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, აქ  „მემარჯვენეების“ კანდიდატი გოგა ასათიანია, რომელიც გამყრელიძემ მის მეგობრად მოიხსენია. აქვე ისიც აღნიშნა, რომ წყალტუბო ყოველთვის მათი აქილევსის ქუსლი იყო. გოგა ასათიანი „ახალი მემარჯვენეების“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.

„თუ ქუთაისსა და მთელ იმერეთში მაღალი შედეგების აღებას ვახერხებდით, წყალტუბო ყოველთვის პრობლემური ადგილ იყო და ამას არ ვმალავთ,“ - ამბობს გამყრელიძე.

პარტიის ლიდერმა კანდიდატების წარდგენასთან ერთად, მათი შერჩევის კრიტერიუმებზეც ისაუბრა.

„მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება ჩვენ დავიწყეთ ქუთაისიდან. ამას ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი გახდა. კანდიდატების  შერჩევის კრიტერიუმები იყო არა მათი ცნობადობა,  ვინ მსახიობია და ვინ სპორტსმენი, როგორც დღეს ეს ხდება საქართველოში, არამედ ვინ არის პროფესიით პოლიტიკოსი.  ვისაც კარგად ესმის ამა თუ იმ ქალაქისა  და რაიონის პრობლემატიკა,“ -განაცხადა დავით გამყრელიძემ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, იმერეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარების საკითხთან დაკავბშირებით მუშაობენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე