ქუთაისის მთავრობა დღეს 2 მილიონი ლარის დამალვას ცდილობდა?!
ქუთაისის თვითმმართველობის პროგრამა „კორპუსის“ ბიუჯეტი,
რომელიც მაღლივი საცხოვრებელი კორპუსების მოწყობას ითვალისწინებს, შესაძლოა, 4 მილიონი
ლარიდან 6 მილიონამდე გაიზარდოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქალაქის მერია ფინანსთა
სამინისტროსგან დამატებით მოთხოვნილ 2 მილიონ ლარს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის
მერმა გიორგი თევდორაძემ დღეს ქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
რატომ ითხოვს თვითმმართველობა პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას,
მაშინ როდესაც გასულ წლებში მისი ბიუჯეტი მილიონ ნახევარ ლარს არ გასცილებია? ადგილობრივი
ოპოზციური პარტიების წარმომადგნელები უკვე ღიად საუბრობენ პროგრამის საარჩევნო მიზნებისთვის
გამოყენებაზე. ამას ისიც ემატება, რომ დღეს
მოულოდნელად დანიშნულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავარი საკითხი სწორედ
პროგრამა „კორპუსზე“ და მის ბიუჯეტზე მსჯელობა აღმოჩნდა, ჟურნალისტები არ შეუშვეს.
სხდომის დანიშვნის შესახებ ჟურნალისტებისთვის ოფიციალურად
არ უცნობებიათ. უფრო მეტიც, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები (რომლებმაც აღნიშნულის
სხდომის შესახებ შეიტყვეს) მერიის ადმინისტრაციულ შენობაში აღარ შეუშვეს. იმ მოტივით
რომ შენობაში შესასვლელად საშვის აღება იყო საჭირო, თუმცა ამ უკაასკნელის მიღება მხოლოდ
იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ საშვის გამცემი პირი ადგილზე არ იმყოფებოდა (მაშინ როდესაც
შესვენების საათი უკვე დასრულებული იყო).
თითქმის ნახევარსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, შენობაში
შესვლა მოახერხა newspress-ის ჟურნალისტმა.
სხდომის მიმდინარეობისას, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან
ხვადაგიანმა „კორპუსის“ შეფასებისას ყურადღება გამახვილა იმ ფაქტზე, რომ ქალაქში გადახურული
სახლები, მოწესრიგებული სადარბაზოები და ეზოები აღნიშნულ პროგრამას უკავშირდება. მეტი
დამაჯერებლობისთვის ხვადაგიანმა სტატისტიკური მონაცემიც მოიხმო და განაცხადა, რომ
„კორპუსის“ მეშვეობით ქალაქში არსებული
900 ლიფტიდან, 70% ამ ეტაპზე შეკეთებულია.
ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ კი დეპუტატებს პროგრამის
ბიუჯეტის ზრდის პერსპექტივების შესახებ განუცხადა და აქვე აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამის მასშტაბების
ზრდის მიზნით სამუშაოებს ახორციელებს.
„ვეძებთ საშუალებას რომ უფრო მასშტაბური გახდეს პროგრამა.
ჩვენ გავაგზავნერთ წერილი ფინანსთა სამინისტროში და დამატებით 2 მილიონი ლარი მოვითხოვეთ“,
– ამბობს ქალაქის მერი.
საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა პროგრამა „კორპუსი“
ხალხის დაკვეთად შეაფასეს. მათ მმართველი პარტიის ახალი სლოგანი – „მეტი სარგელი ხალხს“
გაახმოვანეს და განაცხადეს, რომ ხალხისთვის სარგებლის მოტანა სწორედ მსგავსი პროგრამების
განხორცილებას მოაქვს.
საკრებულოს სხდომაზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“
იმერეთის ორგანიზაციის მიერ გუშინ გამართულ ბრიფინგსაც გამოეხმურნენ. პარტიის რეგიონული
ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულიას განცხადებით, პროგრამა „კორპუსი“ უნდა გაუქმდეს, რადგან ის წინასარჩევნოდ, ამომრჩევლის მოისყიდვის მიზნით ხორციელდება. ქალაქის
მერმა ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა, რომ
„კორპუსის“ მაკრიტიკებლები მართალი უნდა იყვნენ საკუთარი სინდისის წინაშე, რადგან
„პროგრამა მათი მეზობლებისა და ახლობლების საცხოვრებელი პირობებისა გაუმჯობესებას ემსახურება,“
– აღნიშნა თევდორაძემ.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები პროგრამა კორპუსში ჩართულ
პირებს – მაღლივი საცხოვრებელი კორპუსების ბინათამხანაგობების თავმჯდომარეებს შეეხნენ.
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მამუკა მღვდელაძემ კოლეგებს ამხანაგობების თავმჯდომარების „პატივისცემის“
ფაქტი გაუხსენა და განაცხადა, რომ ქალაქის მერიამ 2010 წლის აპრილში თითოეულ მათგანს
ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 115 ლარი გადასცა. როგორც მღვდელაძემ აღნიშნა,
ერთჯერადი ღონისძიებები ბინის ამხანაგობების განვითარებისთვის საკმარისი არ იყო. მღვდელაძის
განცხადებას ქალაქის მერმა უპასუხა და ოპოზიციონერ კოლეგას მოუწოდა შეურაცხყოფას ნუ
მიაყენებდა იმ 1 100 ადამიანს, რომლებიც ბინის ამხანაგობების თავმჯდომარეები არიან.
„მათი გარკვეული ნაწილი ჩვენი პოლიტიკური მხარდამჭერია,
თუმცა არიან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და აპოლიტიკური პირები. ეს ადამიანები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ,“
– აღნიშნა თვდორაძემ.
შეგახსენეთ, რომ გასულ კვირას newpress-მა
მოიპოვა ინფორმაცია, თუ როგორ ასრულებენ ბინის ამხანაგობათან თავმჯდომარეები (რომელბიც
„კორპუსში“ ჩართული პირები არიან) მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების და „ნაციონალური
მოძრაობის“ წინასაარჩევნო დავალებებს. კერძოდ, როგორც გახდა ცნობილი, ბინის ამხანაგობების
თავმჯდომარეებმა, მათ დაქვემდებარებაში არსებულ
საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის „დათვლა“, მათი პირადი ნომერების აღწერა,
დაბადების თარიღის, მათი პოლიტიკური ორიენტაცისა და სურვილების გარკვევა უნდა უზრუნველყონ.
თავის მხრივ, შესრულებული სამუშაო ამ ადამიანებს სათანადოდ
უფასდებათ, რადგან ქალაქის მერია დღესასწაულებზე მათ პრემიებსა და საჩუქრებს გადასცემს,
ხოლო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში ხვდებიან „ნაციონალური
მოძრაობის“ ქვოტით.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე